ახალი ამბები

მოსკოვი ტიშკევიჩის წინააღმდეგ სოხუმის პრეტენზიებს მხარს უჭერს

რუსეთმა მხარი დაუჭირა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სოხუმის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს და ურჩია ევროკავშირს შეეცადოს, რომ პირდაპირ სოხუმთან ეძებოს საკითხის „კომპრომისული მოგვარება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 27 აპრილს, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დაურეკა, რომელიც რუსეთის წარმომადგენელია ჟენევის მოლაპარაკებებზე, რათა გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის ჩაშლის საკითხი და სოხუმის მიერ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანდჟეი ტიშკევიჩის „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება განეხილა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 26 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას ლეფორმა „შეშფოთება გამოხატა აფხაზეთის ხელისუფლების უარის გამო, რომ თავის ტერიტორიაზე მიეღო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, გენერალი ტიშკევიჩი. მისი აზრით, აფხაზური მხარის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე ერთობლივ მუშაობას“.

სამინისტროს თქმით, კარასინმა უთხრა ლეფორს, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, სოხუმთან განიხილოს, რომელიც „ჟენევის დისკუსიების სრულუფლებიანი მონაწილეა“.

„ასევე აღინიშნა, რომ აფხაზეთის პოზიციას თავისი ლოგიკა გააჩნია, ვინაიდან ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდის დროს აფხაზების მიმართვის საპასუხოდ ტიშკევიჩმა უარი განაცხადა დაეფიქსირებინა სასაზღვრო ზონაში მომხდარი ინციდენტები, მათ შორის მთელი რიგი მკვლელობები, და აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის შეურაცხმყოფელ ტონში მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე მისიის წარმომადგენლების შეშვება მოსთხოვა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

სამინისტროს თქმით, „კომპრომისული მოგვარება სოხუმთან უნდა ეძებონ, რათა გაგრძელდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა“.

თბილისმა განაცხადა, რომ მისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სოხუმის დემარშის უკან მოსკოვი დგას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აპრილს ეს ვითარება შეფასა, როგორც მოსკოვის მცდელობის ნაწილი, რომლის მიზანია დაასუსტოს სადამკვირვებლო მისიის როლი.

„ევროკავშირის მისიის წინააღმდეგ აღნიშნული და სხვა ქმედებები ცხადყოფს, რომ რუსეთს არ აწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი საერთაშორისო მისიის არსებობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.   

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა, რომ საქართველოს განცხადება შეიცავს „გამოგონილ ბრალდებებს რუსეთის მიმართ და ფაქტიურად რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისკენ და ჟენევის დისკუსიების ატმოსფეროს ჩაშლისკენაა მიმართული“.  

მსგავსი/Related

Back to top button