
‘სომხების გენოციდის’ თემას პარლამენტში ინციდენტი მოყვა
ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სომხური თემის პარლამენტისადმი მიმართვაზე, რომ გენოციდად იქნას აღიარებული ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს სომეხთა მასობრივი განადგურება, 24 აპრილს პარლამენტის სხდომაზე ინციდენტი გამოიწვია, რომლის დროსაც დეპუტატებს შორის ხანმოკლე შეხლა–შემოხლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
ოპოზიციური ფრაქციის „ერთიანობა სამართლიანობისთვის“ წევრი და პარტია ქართული დასის ლიდერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა თემებს შეეხო და მათ შორის საქართველოს პარლამენტის შარშანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ რუსეთის იმპერიის მიერ მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი განადგურება და დეპორტაცია გენოციდის აქტად აღიარა.
„ერთდღიანი პიარ აქცია დადგით, როცა ჩერქეზთა გენოციდი ცანით, [გაფრთხილებდით] არ გააკეთოთ ეს ამბავი იმიტომ, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, სომხები მოვლენ ჩვენთან და სათქმელი არაფერი არ გვექნება. მაინტერესებს რა გინდათ ახლა ამ ხალხს უპასუხოთ? ესენი ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და არა რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეები; ესენი ხომ ჩვენი ქვეყნის თანამემამულეები არიან… ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობა თქვენ [მმართველი პარტიის დეპუტატებს] გეკისრებათ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
ამ განცხადებამ მარნეულის ოლქიდან მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის აზერ სულეიმანოვის გაბრაზებული რეაქცია გამოიწვია. სულეიმანოვი დარბაზიდან ეხმაურებოდა ბაღათურიას, როდესაც ეს უკანასკნელი სიტყვით გამოდიოდა.
„შენ მოგხედავ, როცა ჩამოვალ ტრიბუნიდან, დამაცადე“, – უპასუხა ბაღათურიამ სულეიმანოვს.
შემდეგ სულეიმანოვი ტრიბუნას მიუახლოვდა, ნივთი, სავარაუდოდ, ტუბი, რომელიც ხელში ეჭირა, ტრიბუნაზე ისროლა და უთხრა ბაღათურიას: „ეს საჩუქარია აზერბაიჯანელი ხალხისგან“.
ბაღათურიამ უკან ესროლა ნივთი სულეიმანოვს, რის შემდეგაც პარლამენტის მანდატურმა და რამდენიმე დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ბაღათურია ტრიბუნიდან ჩამოიყვანეს. მომდევნო რამდენიმე წუთის მანძილზე ინციდენტში ჩართული დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ სიტყვით დეპუტატი სულეიმანოვი გამოვიდა და მან თავის გამოსვლაში ბაღათურია „ბაღათურიანად“ მოიხსენია და „ჩემი სომეხი კოლეგა“ უწოდა.
„სამწუხაროდ, ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღთურიანი დარჩა თავის სომხურ აზრზე სომხეთის ზღვიდან ზღვამდე და მოგონილ სომხურ გენოციდზე. მე მაინტერესებს, რომელ გენოციდზე მიდის საუბარი? 1918 წელს აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონებში თქვენმა სომეხმა ბანდიტებმა დახოცეს 60 000–ზე მეტი აზერბაიჯანელი…“, – განაცხადა სულეიმანოვმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მაშინვე შეაწყვეტინა და მიკროფონი გამოართვევინა.
„ამ თემაზე გამოსვლები მეტი არ იქნება; ეს არის ძალიან მგრძობიარე ისტორიული თემა, ძალიან ბევრ ტკივილთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ჩვენს მოძმე“ სომეხ და აზერბაიჯანელ ერებს და ასევე თურქეთს „ძალიან რთული ისტორია აქვთ გავლილი და მე ნამდვილად არ მინდა, რომ ეს რთული ისტორია ამ დარბაზში იყოს ემოციების და პოლიტიკური განხილვის თემა“.
„ჩვენთვის სომეხი ერის ტკივილიც ტკივილია; ჩვენთვის აზერბაიჯანელი ერის ტკივილიც ტკივილია და თურქეთის ტკივილიც ტკივილია იმიტომ, რომ სამივე არის ჩვენი მეზობელი და მეგობარი ერი“, – დასძინა ბაქრაძემ.
მოგვიანებით იმავე სხდომაზე გამოსვლისას რამდენიმე დეპუტატი, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე საპარლამენტო უმცირესობიდან, კვლავ შეეხო ინციდენტს. რამდენიმე მათგანმა ბაღათურია გააკრიტიკა და მას „პროვოკატორი“ უწოდა.
„მე აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგას მიკროფონი გამოურთეთ “, – მიმართა მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ბაქრაძეს და სთხოვა იგივე წესი გამოიყენოს სხვებთან მიმართებაშიც, როდესაც „კლასიკურ პროვოკაციულ გამოხტომას და გამოსვლას ექნება ადგილი“.
„ბაღათურია არის კლასიკური პროვოკატორი, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ დღეს ვინც საქართველოს მეგობარია, იმ ქვეყნებთან რამენაირად შექმნას პრობლემა“, – განაცხადა მან.
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ ასევე პროვოკატორად მოიხსენია ბაღათურია და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ „ნებისმიერ ჩვენგანი, როცა ამ თემას ვეხებით, უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად“.
„საქმე ეხება ისეთ ფაქიზ თემებს, რომელმაც შეიძლება ძალიან რთული პროცესები გამოიწვიოს და ყველა დაგვაზარალოს“, – განაცხადა მან, „არავის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ. ფაქტია, რომ ეს პარლამენტიც არის მაგალითი იმისი, რომ ჩვენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები [დეპუტატები] ძალიან მეგობრულად, ძალიან კეთილგანწყობილად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა… მე მესმის ემოციები, რომელიც მოყვა დღეს ამ განცხადებებს… მაგრამ პირადად ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ინციდენტი ამით უნდა ამოიწუროს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრების პრობლემებს, რომელიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის; ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს საერთო წარსული გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს სამშობლოს აქვს ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგიკული წარსული …. ყურადღების გამახვილება ჩვენი წარსულის ცალკეულ ეპიზოდებზე, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ერები ერთმანეთისგან დააშოროს, ეს არ არის ჩვენი ამოცანა და სურვილი… მე მინდა, პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ეთნიკური სომეხისა და აზერბაიჯანელის მიმართ, რომელიც ახალი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში ასეთი თავდადებით მონაწილეობს“.
ამ თემაზე გამოსვლები დავით ბაქრაძემ დაასრულა. კერძოდ, მან განაცხადა: „ერთ–ერთი ყველაზე დიდი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა საქართველოში გახლავთ ის, რომ ჩვენ ქვეყანაში მყარად დამკვიდრდა ‘საქართველოს მოქალაქის’ მცნება და ჩვენ ყველა, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა, ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ერთი და იგივე უფლებების და ღირებულებების მატარებელი ხალხი“.
„ყველაზე დიდი მტრობა საქართველოსი დღეს გახლავთ საქართველოს დაყოფა ეთნიკური წარმომავლობის ან ეთნიკური ნიშნის მიხედვით“, – განაგრძო ბაქრაძემ, „ამიტომ, მე ყველა კოლეგას მოვუწოდებ, საკუთარ გამოსვლაში, ნებით ან უნებლიედ, ნუ ითამაშებს იმას, რაც არის საქართველოსთვის ყველაზე საზიანო, ნუ დაყოფს ჩვენს მოქალაქეებს და ნუ დაუპირისპირებს საქართველოს მეზობლებს“.
„რაც შეეხება ემოციებს, რომელიც ამ დარბაზში იყო, მე მესმის იმიტომ, რომ თემა, რაზეც იყო საუბარი, არის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ჩვენი მეზობელი და მოძმე ხალხებისთვის; ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან რთული და ტრაგიკული ისტორია; ამ რთულ და ტრაგიკულ ისტორიაში იყო ძალიან ბევრი ტრაგიკული ფურცელი, ისეთი, რომლის გახსენებაც ყოველთვის იწვევს ემოციებს, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, სწორედ იმის გამო, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, ამ პარლამენტის დარბაზში არ იქნება არც ერთი განცხადება, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს; სწორედ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს პარლამენტი, ამ პარლამენტში არ იქნება არც ერთი განცხადება, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ხალხს და ის ტკივილი და ის ტრაგედია, რომელიც ჩვენმა მეზობელმა ერებმა გაიარეს, არის ჩვენი ტკივილი და ჩვენი ტრაგედია; მაგრამ ამ ტრაგედიას არ სჭირდება სხდომათა დარბაზში პოლიტიკური გამოსვლები და არ სჭირდება ისეთი ფორმით სპეკულაცია, როგორც ეს ჩვენი ზოგიერთი გამომსვლელი კოლეგისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა სპიკერმა.
„მოდით, ნუ ავყვებით პროვოკაციულ განცხადებებს“, – მოუწოდა ბაქრაძემ, „მოდით, ნუ მივცემთ მტერს საშუალებას, რომ გაერთოს იმითი, რაც არის ჩვენი საერთო ტკვილი“.