ახალი ამბები

საქართველო მიესალმება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების გათავისუფლებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ფაქტი „ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას“ დაეხმარება.

17 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ  „აღნიშნული ფაქტი განაპირობებს ბელარუსის ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგის განახლებასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში მისი სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე ევროკავშირსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და შემდგომ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების პროცესს“.

ბელარუსის ხელისუფლებამ ანდრეი სანიკოვი, რომელიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს კონკურენტი იყო, და მისი მრჩეველი დმიტრი ბონდარენკო 15 აპრილს გაათავისუფლა.

ევროკავშირი მიესალმა სანიკოვის და ბონდარენკოს გათავისუფლებას, თუმცა მოუწოდა მინსკს „უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი“. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე მოუწოდა ბელარუსს „დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დარჩენილი პოლიტიკური პატიმარი“.

გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, მარტის ბოლოს ევროკავშირმა სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და იმ პირთა შავ სიას, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ და რომელთა აქტივებიც გაყინულია, კიდევ 12 ადამიანი და 29 კომპანია დაემატა.

მას შემდეგ, რაც ამ სანქციების შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც „შეშფოთება“ გამოხატა ევროკავშირსა და ბელარუსს შორის დაძაბულობის გაღრმავების გამო.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც ვარშავაში ჩატარებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში ბელარუსმა მონაწილეობა არ მიიღო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის გარეშე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ექვსი პოსტ–საბჭოთა ქვეყნისთვის “სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ იქნება“. მისი თქმით, „ძალიან ცუდი“ იყო, რომ ბელარუსის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ სამიტს და მოუწოდა ევროკავშირს არ მისცეს რუსეთს უფლება, რომ ბელარუსთან მიმართებაში ინიციატივა ხელში აიღოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესსზე, ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც  დაკავებულია ამ საკითხით“, – განაცხადა სააკაშვილმა შარშან სექტემბერში.

თავის პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან 2011 წლის ივლისში ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას არ შეაქციოს ზურგი ბელარუსს და განაცხადა, რომ ამ „ძალიან ევროპელი ერის“ იზოლირება იმით დასრულდება, რომ ბელარუსი დღევანდელი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ მოექცევა.

 

Back to top button