ახალი ამბები

თბილისმა საერთაშორისო დამკვირვებლები ოფიციალურად მოიწვია

საქართველომ 6 აპრილს 2012 წლის ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის „შეუზღუდავი რაოდენობით" და "რაც შეიძლება სწრაფად“ დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა საერთაშორისო ინსტიტუტებს.

საგარეო უწყებამ პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით ოფიციალურად დაპატიჟა ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიურო (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტი და ევროკავშირის ინსტიტუტები.

„დაგზავნილ მოსაწვევებში ხაზგასმულია საქართველოს სურვილი, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ეწვიონ საქართველოს შეუზღუდავი რაოდენობით, რაც შეიძლება სწრაფად, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს, ისე უშუალოდ საარჩევნო პროცესებს,“– აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ოფიციალურად მოწვევა არჩევნებამდე თითქმის შვიდი თვით ადრე უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრაქტიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, კეტრინ ეშტონს, რათა ევროკავშირმა დააფინანსოს მედია მონიტორინგის პროექტი, „მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული წარმატებული მედია-მონიტორინგის პროექტისა“.

მას შემდეგ, რაც თებერვალში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების მასპინძლობის მზადყოფნა გამოთქვა, კამპანიის „ეს შენ გეხება“ წარმომადგენელმა ორგანიზაციებმა მარტის დასაწყისში ხელისუფლებას თხოვნით მიმართეს, რათა "უმოკლეს ვადაში" მოეწვიათ საერთაშორისო დამკვირვებლები.

ODIHR–ი თავის სადამკვირვებლო მისიას მასპინძელი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური მოწვევის საფუძველზე აგზავნის. შემდგომი ნაბიჯია მასპინძელ ქვეყანაში საჭიროებათა შეფასების მისიის სახელით ცნობილი ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნა, რომელიც სადამკვირვებლო საქმიანობის მასშტაბს განსაზღვრვს.

ჩვეულებისამებრ, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის განთავსება ხორციელდება არჩევნების დღემდე ექვსი–რვა კვირით ადრე.

2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღემდე ხუთი კვირით ადრე განთავსდა საქართველოში, ხოლო 2003 წელს მისიამ საქმიანობა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაიწყო და ამის მოტივად არჩევნების მიმართ „საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი ინტერესი“ დაასახელა. მოგვიანებით, ამ არჩევნების შედეგები ნაწილობრივ გაუქმდა.

Back to top button