
Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა ‘ცენზურის’ გამო თანამდებობა დატოვა
Forbes Georgia-ის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა განაცხადა, რომ გამომცემელი კომპანიის მხრიდან „სარედაქციო მუშაობაში უხეში ჩარევისა და გამოცემის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობისადმი პროტესტის ნიშნად“ იგი მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებს.
Forbes Georgia ერთ–ერთია იმ 21 საერთაშორისო ლიცენზირებული გამოცემიდან, რომელიც Forbes-ს მსოფლიოს მასშტაბით გააჩნია.
Forbes Georgia-მ საქმიანობა 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი გამომცემელია კომპანია Media Partners, რომელიც Forbes-ის მიხედვით, „არის პარტნიორების მიერ დაფუძნებული გამომცემლობა, რომელსაც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ათ წელიწადზე მეტი ხნის საწარმოო გამოცდილება აქვს“.
27 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ „ცენზურის მცდელობის“ სულ ბოლო შემთხვევა Media Partners-ის თანადამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან მაშინ დაფიქსირდა, როდესაც Forbes Georgia–მ მიიღო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიის მომზადების შესახებ მას შემდეგ, რაც ამერიკულმა Forbes-მა მარტის ნომერში ტრადიციული მილიარდერთა რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში ივანიშვილის შესახებ სტატია განათავსა.
„სწორედ ამ ვითარებაში შევეჯახე ბატონ ეღიაზარიანის კატეგორულ წინააღმდეგობას, რაც თავდაპირველად რედაქციის მიერ ივანიშვილის შესახებ დაგეგმილი პუბლიკაციის საერთოდ ამოღების, მოგვიანებით ივანიშვილთან ინტერვიუს პროცესში დასასმელი კითხვარის შედგენაში ჩარევის, პუბლიკაციის მომზადების შემდეგ კი მისი პირდაპირი და უხეში ცენზურის მცდელობაში გამოიხატა“, – აცხადებს საყევარიშვილი.
მან ასევე განაცხადა, რომ ვინაიდან Forbes Georgia-ს განკარგულებაში რჩება მის მიერ მომზადებული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, "თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადოებას წარვუდგინო მისი [ინტერვიუს]დედნისეული ვერსია, რათა გამოირიცხოს ამ პუბლიკაციის არასათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა".
Media Partners Georgia-ს წარმომადგენელმა მაია მირიჯანაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს სამშაბათს, რომ კომპანია საყევარიშვილის ბრალდებების საპასუხო განცხადებას Forbes Georgia-ს ვებ–გვერდზე 28 მარტს გამოაქვეყნებს.
საყევარიშვილის განცხადებით, მისი აზრით, დამფუძნებლის მხრიდან ცენზურის განხორციელების მცდელობა „დიდწილად განპირობებულია მისი [გაგიკ ეღიაზარიანის] პირადი ნაცნობობით და მეგობრობით საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილთან“.
მან ასევე განაცხადა, რომ დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში სისტემატური ჩარევისა და ცენზურის განხორციელების მცდელობის არაერთი ფაქტი მოეპოვება თავის საქმიან მიმოწერაში ეღიაზარიანთან, რომელსაც „საჭიროების შემთხევაში“ გაასაჯაროვებს.