
შეუწყნარებლობის მოტივები დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება
27 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც შეუწყნარებლობის მოტივები დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებად ჩაითვლება.
თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, საბოლოოდ მიღებულ ამ ზოგად დებულებაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა მოტივების ჩამონათვალი.
კერძოდ, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულის ჩადენა: „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში ევროპის საბჭოსთან არსებული რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელდა, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს ისეთი კანონმდებლობა მიეღო, რომლის თანახმადაც რასისტული მოტივები ყველა ტიპის დანაშაულისთვის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლებოდა.
თავდაპირველი წინადადებები პრეზიდენტთან არსებულმა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ტოლერანტობის საბჭომ მოამზადა, რასაც მოყვა განხილვები საზოგადოებრივი ჯგუფების და დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით, მათ შორის რეგიონებშიც. პროცესი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა.
პარლამენტში შემდგომი დისკუსიების პროცესში, საზოგადოებრივი ჯგუფების რეკომენდაციით კანონპროექტში ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც დისკრიმინაციული მოტივების ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდა და მასში ეთნიკური, რასობრივი ან რელიუგიური ფაქტორების გარდა, სექსუალური ორიენტაციაც შევიდა.