ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი არჩევნების მეორე ტურზე გამოვლინდება

25 მარტს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური ლეონიდ თიბილოვსა და დავით სანაკოევს შორის გაიმართება, განაცხადა რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს.

წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც ყველა ოქმის შედეგებს ეყრდნობა, პირველ ტურში დიდი უპირატესობით, ხმათა 42,48%–ით ლიდერობს უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად, ვინაიდან ამისათვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

ამომრჩეველთა 24,58%–იანი მხარდაჭერა მიიღო სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, დავით სანაკოევმა, რომელსაც თიბილოვი არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 15 დღეში, სავარაუდოდ, 8 აპრილს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

წინასწარი პროგნოზების საწინააღმდეგოდ, სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენელი მოსკოვში, დიმიტრი მედოევი, რომელმაც ხმათა 23,8% დააგროვა, არჩევნებს გამოეთიშა. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რეს“–ი იუწყება, მედოევის შტაბში უკვე აღიარეს დამარცხება.

მეოთხე კანდიდატმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, სტანისლავ კოჩიევმა ამომრჩეველთა ხმების 5,6% დააგროვა.

რეგიონის ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ განმეორებით არჩევნებზე 70,28% შეადგინა.

თიბილოვი 90–იან წლებში სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 1999 წლიდან ქართულ მხარესთან ამჟამად გაუქმებული ერთობლივი საკონტროლო კომისიის მუშაობაში ჩაერთო.

2007–2009 წლებში იგი ცხინვალში ადგილობრივი ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. სულ ბოლოს მას პოსტ–კონფლიქტურ საკითხებში სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენლის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

35 წლის სანაკოევი 2004 წელს სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა თავის წარმომადგენლად დანიშნა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

25 მარტის განმეორებითი არჩევნები ლიდერის გამოვლენის უკვე მესამე მცდელობა იყო მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბრის არჩევნების შემდეგ გამართული მეორე ტურის შედეგები, რომლითაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა და ამ გადაწყვეტილებას ქუჩის საპროტესტო აქციები მოყვა. მას შემდეგ ჯიოევა პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდა და განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.  ჯიოევას თქმით, არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატი „გარკვეული ძალების“ მიერ „ყურადღებით იქნა შერჩეული“. სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის ვიცე–სპიკერმა იური ძიცოითმა განაცხადა თებერვალში, რომ მხოლოდ იმ კანდიდატებს მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, „რომლებზე შეთანხმებაც მოსკოვში მოხდა“.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

 

მსგავსი/Related

Back to top button