ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ახალი ლიდერის არჩევის მესამე მცდელობა

25 მარტს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში განმეორებითი არჩევნები ტარდება ახალი ლიდერის ასარჩევად – ეს უკვე მესამე მცდელობა იქნება მას შემდეგ, რაც შარშან ნოემბერში არჩევნების შემდეგ გამართული მეორე ტურის შედეგები, რომლითაც ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოიგო, გაუქმდა, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოყვა.

განმეორებით არჩევნებში ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მათ შორის არ იქნებიან ყოფილი ძირითადი კანდიდატები – ალა ჯიოევა და ანატოლი ბიბილოვი; ამ უკანასკნელს კრემლი ღიად უჭერდა მხარს.

მეორე ტური იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს.

კვირის არჩევნებში ძირითადი კონკურენცია, სავარაუდოდ, ორ კანდიდატს შორის შედგება. ესენი არიან სეპარატისტული რეგიონის დიდი ხნის წარმომადგენელი მოსკოვში, დიმიტრი მედოევი და უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, ლეონიდ თიბილოვი.

დანარჩენი ორი კანდიდატია: სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.

ერთ–ერთმა კანდიდატმა დავით სანაკოევმა განაცხადა, რომ მეორე ტურის მაღალი ალბათობა არსებობს.

საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ გამოსვლებში კანდიდატები თავს შორს იჭერდნენ სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერისგან, ედუარდ კოკოითისგან, რომელიც, მიჩნეულია, რომ კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენას რეგიონში მიუხედავად იმისა, რომ ათწლიანი მმართველობის შემდეგ დეკემბერში პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.

ერთ–ერთი დებატის დროს ორმა წამყვანმა კანდიდატმა, მედოევმა და თიბილოვმა ერთმანეთი „კოკოითის კლანთან“ კავშირში დაადანაშაულეს.  

თიბილოვი 2006 წლის იმ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, რომელიც კოკოითმა ხმების 98%–ით მოიგო.

როგორც ჩანს, თიბილოვს მეტი შანსები აქვს, რომ ალა ჯიოევას მხარდამჭერთა ხმები მიიზიდოს, რადგანაც მის კანდიდატურას თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯამბულატ თედეევმა დაუჭირა მხარი, რომელიც ედუარდ კოკოითის მწვავე ოპონენტია და რომელმაც ნოემბრის არჩევნებში ალა ჯიოევას დაუჭირა მხარი.
 
თავად ჯიოევამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

ჯიოევა, რომელმაც დაგმო 25 მარტის განმეორებით არჩევნები და მათ არალეგიტიმური უწოდა, 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის ჩატარებას გეგმავდა; თუმცა ეს ცერემონია ვერ შედგა, რადგან ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოში მოხვდა მის შტაბბინაში სამართალდამცავების მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შედეგად. მას შემდეგ ჯიოევა პოლიტიკიდან ფაქტიურად იზოლირებული იყო და საავადმყოფოში რჩებოდა პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჯიოევა საავადმყოფოდან 24 მარტს გაწერეს.

მართალია მან კვირის არჩევნებს უკანონო უწოდა, მაგრამ მან თავის მხარდამჭერებს განმეორებითი არჩევნების ბოიკოტირებისკენ არ მოუწოდა.

„[ბოიკოტი] სამხრეთ ოსური საზოგადოების შემდგომ გაყოფას შეუწყობდა ხელს, რაც, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასურველია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ როდესაც მხარდამჭერები ეკითხებიან აზრს მივიდნენ თუ არა არჩევნებზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ურჩევს. 

23 მარტს რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან ბიუროსთან „ეხო კავკაზა“ ინტერვიუში ჯიოევამ განაცხადა, რომ მას „არ აქვს უფლება“, რომ ახლა რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რადგანაც 2001 წელს ის ედუარდ კოკოითის სასარგებლოდ ეწეოდა საარჩევნო კამპანიას, თუმცა მიცემული დაპირებები ვერ შესრულდა და ეს გახდა ჯიოევას ოპოზიციაში გადასვლის მიზეზი. მან ასევე აღნიშნა, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა ზედმიწევნით შეესწავლა კანდიდატების საარჩევნო პროგრამები მისი „იზოლაციის“ გამო.

ჯიოევას თქმით, არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატი „გარკვეული ძალების“ მიერ „ყურადღებით იქნა შერჩეული“.

სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის ვიცე–სპიკერმა იური ძიცოითმა განაცხადა თებერვალში, რომ მხოლოდ იმ კანდიდატებს მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება,  „რომლებზე შეთანხმებაც მოსკოვში მოხდა“.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. 

მსგავსი/Related

Back to top button