
პროკურატურა ქიმერიძის საქმის გამოძიებაზე
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხაშურის პოლიციაში 27 თებერვალს მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმის გამოძიების თაობაზე მისი „განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე“ 6 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის შინაარსიც შეესაბამება გარდაცვალების შესახებ პოლიციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიას.
“გარდაცვლილს სხეულზე არ აღენიშნება ცემა-წამების კვალი, ხოლო გარდაცვალება გამოიწვია სიმაღლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებულმა ტრავმებმა“, – ასეთია, პროკურატურის თანახმად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შინაარსი.
პროკურატურა პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „რაიმე ძალადობრივ ან ფიზიკური ზემოქმედების ფაქტებს ადგილი არ ქონია“ ქიმერიძის მიმართ, რომელიც პოლიციის შენობაში, სადაც ის სახლიდან ნებაყოფლობით გაჰყვა სამართალდამცავებს, ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ქურდობის ფაქტზე გამოკითხვის მიზნით.
განცხადების მიხედვით, შსს–ის ხაშურის სამმართველოს უფროსთან გიორგი ხარშილაძესთან, დაახლოებით, 10–წუთიანი გასაუბრების შემდეგ, სოლომონ ქიმერიძემ შენობის მესამე სართულზე მდებარე მისი კაბინეტი ინსპექტორ გამომძიებელ მალხაზ ციყელაშვილთან ერთად დატოვა და მეორე სართულისკენ წამოჰყვა მას.
“ციყელაშვილმა გაიგონა მოაჯირის ხმა, რა დროსაც შემობრუნდა და დაინახა, რომ სოლომან ქიმერიძე ვარდებოდა მოაჯირიდან ძირს, სცადა ხელის წავლება, მაგრამ ვერ მოასწრო, ქიმერიძე დაეცა პირველი სართულის იატაკზე,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არცერთ პოლიციელს, მათ შორის არც მალხაზ ციყელაშვილს, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით ობუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა გამოკითხეს, „უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ“, თუმცა „ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, ს.ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა“.
პროკურატურა იმ ექიმების ჩვენების საფუძველზე, რომლებიც ქიმერიძეს მისი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გაესაუბრნენ, აცხადებს, რომ შეკითხვაზე, თუ როგორ მიიღო ტრავმები, ქიმერიძემ უპასუხა, რომ „ჩამოვარდა“. გამოძიების განცხადებით, ქიმერიძე 27 თებერვალს გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უფლებადამცველი და ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც მომხდარის ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ, სამართალდამცავი სტრუქტურებისაგან ობიექტურ გამოძიებას და დამაჯერებელ ახსნა–განმარტებებს ითხოვენ.