ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემოთავაზებაზე

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება „ავტომატურად“, როგორც კი მოსკოვი „ხელახლა აღიარებს საქართველოს თავის სუვერენულ საზღვრებში“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის მზად არის დიალოგისთვის რუსეთის ნებისმიერ მმართველთან.

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რუსეთთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ვაწარმოოთ დიალოგი სრულმასშტაბიან დარეგულირებაზე, რომელიც დაეფუძნება საქართველოს დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და იმ ნახევარი მილიონი საქართველოს მოქალაქის სახლებში დაბრუნებას, რომლებიც ვერ ბრუნდებიან იქ რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის და რუსეთის ჯარების მიერ და რუსეთის მთავრობის მიერვე განხორციელებულ მცდელობის, რომ დააკანონოს ამ ეთნიკური წმენდის შედეგები, ამ ყველაფრის შედეგად“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 3 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ქართული წარმოების ახალი საარტილერიო სისტემის პრეზენტაციაზე.

ეს განცხადება მან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 მარტს გაკეთებული იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც მოსკოვმა თბილისს შესთავაზა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა.

“რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა ავტომატურად რუსეთის ქმედებების შედეგად, როდესაც რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს აღიარება, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს 2008 წლის აგვისტოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ეს ურთიერთობები აღდგება ავტომატურად, როგორც კი რუსეთი ხელახლა აღიარებს საქართველოს თავის სუვერენულ საზღვრებში“, – განაგრძო მან, „არც შეწყვეტა ამ ურთიერთობების არ ყოფილა ჩვენი ინიციატივა, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს განაპირობა რუსეთის ქმედებამ და ეს აღდგენაც ახლა არის რუსეთის ხელში, მაგრამ ეს კეთდება არა ამ დეკლარაციით, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ – თუ ისინი მზად არიან, რომ აღადგინონ, მათ უნდა განახორციელონ ის, რაც ამ აღდგენისთვის არის საჭირო“.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ინიცირებულია რუსეთის მიერ, ამ ყველაფრის უკან დასაბრუნებლად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე – და წინაპირობებს აქამდე რუსეთი აყენებდა ყოველთვის, ‘ამასთან არ დავჯდებით’, ‘იმასთან არ დავჯდებით’, იმიტომ, რომ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს მთავრობას დღევანდელს, დემოკრატიულად არჩეულს – ჩვენ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება რუსეთში მთავრობაში, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებზე ან ვის გამოაცხადებენ რუსეთის პრეზიდენტად, ჩვენ ყველასთან მზად ვართ, ვინც იქნება რეალურად მმართველი რუსეთის, დავჯდეთ და ვისაუბროთ ამ თემებზე, მაგრამ ეს არის ყველანაირად კონკრეტული თემები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის განსახილველი მთავარი თემები „არ შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა თემებით“.

“რა თქმა უნდა, რუსეთის დღევანდელ მთავრობას მიაჩნია და საქართველოშიც არიან ისეთი ელემენტები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ოკუპაციაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს ელემენტები საქართველოში წარმოადგენენ მხოლოდ ძალიან მცირე მარგინალურ უმცირესობას, ისინი არ წარმოადგენენ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმეტესობას, ისინი ყოველთვის იქნებიან უმცირესობაში თავის პოზიციებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“ამიტომ თუ რუსეთს სურს საქართველოსთან დიალოგი,“ – განაგრძო მან, „უნდა ელაპარაკოს სწორედ ქართული საზოგადოებას მთლიანობაში, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია არის ყველაზე გადამწყვეტი და ოკუპაცია არ შეიძლება იყოს ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის სრულიად კონკრეტულად გამოხატული პოზიცია“.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის შემოთავაზებაში არაფერი ახალი არ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი „კვლავაც აპირებს შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო“.

“ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საუბარი, განვაახლოთ დიალოგი როგორც კი რუსეთის ხელისუფლება დაგვანახებს, რომ იგი მართლაც მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და დაგვანახებს, რომ მის მიერ გაცხადებული ინიციატივა რეალურად გულწრფელ საფუძვლებს ეყრდნობა – დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს და გაიყვანს რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან და უკუაგდებს მის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიების აღიარებისა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ შაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის საპასუხო ნაბიჯი გადადგას საქართველოს მიერ  რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.
      
პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ გადაწყვეტილების მოტივაციაზე და აღნიშნა, რომ პირველ რიგში ეს თბილისმა იმისთვის გააკეთა, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოქალაქეებს,  მათ შორის „ასობით ათას თავის დროზე დევნილს“,  საქართველოში ჩამოსვლა გაუადვილდეს.

“და მეორე ჩვენ ეს გავაკეთეთ ასევე რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში ჩამოსვლით, საქართველოში ტურიზმით, საქართველოში ინვესტირებით, საქართველოში თავის მეგობრების და ახლობლების ნახვით და ეს არის ჩვენი მხრიდან  ჩვენი საზოგადოების გახსნილობის, ჩვენი საზოგადოების სიმტკიცის, ჩვენი უსაფრთხოების გამოხატულების ძალიან მკვეთრი, ნათელი დადასტურება“, – განაცხადა მან.

Back to top button