
არასამთავრობო ორგანიზაციები ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დაწყებისკენ მოუწოდებენ
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ "უმოკლეს ვადაში" მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისია.
28 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ვიწვევთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, წინასწარი დაკვირვებისთვის, არჩევნების დღის დაკვირვებისთვის, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესია“.
ამ განცხადების გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს 2 მარტს გაკეთებულ მიმართვაში ODIHR–ის გრძელვადიანი მისიის მოწვევას თხოვენ, რაც „უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის მანძილზე“.
მეორე მიმართვაში, რომლის ადრესატიცაა ეუთოს გენერალურ მდივანი და ODIHR–ის დირექტორი, ნათქვამია, რომ საქართველოში საარჩევნო კამპანია არაოფიციალურად უკვე დაწყებულია და “სწორედ ეს განაპირობებს ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ჩამოსვლის საჭიროებას, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს წინასაარჩევნო მონიტორინგის განხორციელებაში და საერთაშორისო სტანდარტებიდან გადახვევის შემთხვევაში, შეაფასებს არსებულ ვითარებას“.
მიმართვაში ასევე საუბარია პარლამენტის მიერ 2011 წლის ბოლოს მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, რომელმაც „საფრთხე შეუქმნა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს უზრუნველყოს თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო“.