ახალი ამბები

ვადიმ ბროვცევმა დეპუტატებს გენერალური პროკურორის გადაყენების წინადადებით მიმართა

სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა პარლამენტს გენერალური პროკურორის გათავისუფლების წინადადებით მიმართა – მისი ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს იმ დაძაბულობის შერბილებას, რაც გასულ კვირას ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.  

გენერალური პროკურორის თაიმურაზ ხუგაევის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის აცამაზ ბიჩენოვის თანამდებობებიდან გათავისუფლება მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დეკემბერში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმების ერთ–ერთი პირობა იყო; ამ შეთანხმებით ცხინვალში ალა ჯიოევას ორგანიზებული ოპოზიციის ორკვირიანი საპროტესტო აქციები დასრულდა.

თუმცა, ეს პუნქტი არ შესრულდა, რადგანაც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა, სადაც უმრავლესობას ედუარდ კოკოითის მმართველი პარტია წარმოადგენს, ამ საკადრო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლებაზე უარის თქმამ ალა ჯიოევას იანვარში შეთანხმებიდან გამოსვლა გადააწყვეტინა.

ამის შემდეგ, ჯიოევამ 10 თებერვალს საკუთარ ინაუგურაციის დღე დანიშნა; მან დაგმო 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები, როგორც "უკანონო". თუმცა, 9 თებერვალს იგი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მის შტაბში, როგორც ამას მხარდამჭერები აღწერენ, სამართალდამცავები „შეიჭრნენ“, რათა ცხინვალში არჩევნების შემდგომ არეულობებთან დაკავშირებით ჯიოევა დასაკითხად წაეყვანათ. 

ამ ჯერზე, მოსალოდნელია, რომ სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანო გენერალური პროკურორის გადაყენებას მხარს დაუჭერს.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება 13 თებერვალს ექიმის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა „საგრძნობლად გაუმჯობესდა“ და იგი რეანიმაციული განყოფილებიდან კარდიოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს შემდგომი მკურნალობისთვის.

იმავდროულად, 25 მარტის განმეორებითი არჩევნების თოთხმეტივე კანდიდატმა 12 თებერვალს ერთობლივი განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ ისინი ამომჩეველთა მიერ გაკეთებულ „არჩევანს მიიღებენ“ და ახალ ლიდერს გვერდით დაუდგებიან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „გარეშე ძალებს ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ“.

კანდიდატების წარდგენის ვადა 9 თებერვალს ამოიწურა. სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 29 თებერვლამდე უნდა დაარეგისტრიროს კანდიდატები, რომელთა შორის არიან სეპარატისტული რეგიონის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი; სახელმწიფო საინფორმაციო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გეორგი კაბისოვი; პარლამენტის ვიცე–სპიკერი იური ძიცოითი და სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი. ჯიოევას მიერ ნოემბრის მეორე ტურში დამარცხებულმა ანატოლი ბიბილოვმა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  

მსგავსი/Related

Back to top button