ახალი ამბები

სააკაშვილი: რუსეთი არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს ‘პანიკით ხვდება’

5 თებერვალს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც იქ აშშ–ში სტუმრობის შემდეგ ჩავიდა, განაცხადა, რომ მას „არ გაუკვირდა“, რომ რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სირიაზე ვეტო დაადო, რადგანაც ეს არაბულ სამყაროში სხვა აჯანყებებთან მიმართებაში მოსკოვის პოზიციის „ძალიან ლოგიკური გაგრძელება“ იყო.    

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაბულ სამყაროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეგიონში „ორი რადიკალურად განსხვავებული მიდგომა გაჩნდა“  – ერთი მხრივ, რუსეთი, რომელიც, სააკაშვილი თქმით, „უიმედოდ ცდილობს შეაჩეროს ისტორიის პროგრესი“ და მეორე, თურქეთი, რომელმაც გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს მსოფლიოში მიმდინარე ევოლუციას და „ცვლილების აქტიური მხარდამჭერი" იყოს. 

„რუსეთის ფედერაცია პანიკით და აღშფოთებით შეხვდა ახლო აღმოსავლეთის თავისუფლების მოძრაობებს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამბოხებებს არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა არ მიეღოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„გლობალურ ძალებს არ აქვთ მომავალი, თუ ისინი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შემთხვევითი არ არის ის, რაც ახლა მოსკოვის ქუჩებში ხდება, რადგანაც ეს ძალიან ნათელია: ვერ შეატყუებ შენს ხალხს იმას, რომ ‘იცით, დიადი იდეა შენი ღირსება, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება და შენი შვილების მომავალი კი არ არის, არამედ არის ისეთი რაღაცის აღდგენა, რისი აღდგენაც შეუძლებელია’“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტი სააკაშვილი 8–წუთიანი სიტყვით მიუნჰენის კონფერენციის იმ სესიაზე გამოვიდა, რომელზეც „არაბულ გაზაფხულს“ განიხილავდნენ. ამ სესიაზე მომხსენებლებს შორის იყვნენ ტუნისის პრემიერ–მინისტრი, ეგვიპტის, თურქეთის და ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი; სხდომის წამყვანმა, გაზეთ Die Zeit-ის გამომცემელმა სააკაშვილი, რომელიც გამომსვლელების სიაში არ იყო, წარადგინა, როგორც სესიის „მოულოდნელი“ მომხსენებელი.

ერთი დღით ადრე მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა და სხვა საკითხებთან ერთად მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. ამ კონტექსტში მან საქართველოს კონფლიქტებიც ახსენა და აღნიშნა, რომ თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო დონეზე გარანტირებული ვალდებულებები ევროპის უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ლავროვს დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ მოსკოვის დეკლარირებული პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი, ევროკავშირთან და აშშ–თან ერთად, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გარანტორი უნდა იყოს, ვინაიდან ის თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს; თბილისი, რომელმაც უკვე დადო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა, დაჟინებით მოითხოვს, რომ მოსკოვმაც გადადგას ანალოგიური ნაბიჯი. 
 

Back to top button