ახალი ამბები

ჯიოევა: განმეორებითი არჩევნები „უკანონოა“

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ განუცხადა დღეს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები „უკანონოა“ და იგი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ ჯიოევამ განაცხადა, რომ ტოვებს ხელისუფლებასთან დადებულ პოსტ–საარჩევნო შეთანხმებას და სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს გადადგომისა და ძალაუფლების მისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

ჯიოევას მხარდამჭერები – ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ 100–დან 200–მდე მერყეობს – 21 იანვარს მისი ოფისის წინ შეიკრიბდნენ, რათა ხელისუფლების მიერ პოსტ–საარჩევნო შეთანხმების შეუსრულებლობა გაეპროტესტებინათ.

აქციაზე ჯიოევამ განაცხადა, რომ 23 იანვრამდე ბროვცევის პასუხს დაელოდება და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას თავისი „საპრეზიდენტო ინაუგურაციის“ თარიღის დანიშვნის თაობაზე, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.   

ბროვცევის პრესსამსახურის მიერ 21 იანვარს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში დაგმობილია ჯიოევას გამოსვლა პოსტ–საარჩევნო შეთანხმებიდან, როგორც "არაკონსტრუქციული ქმედება", რომელიც "რესპუბლიკაში განმეორებითი არჩევნების წინ შიდა პოლიტიკური სიტუაციის განზრახ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად".

იმავდროულად, 20 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი მარტის განმეორებითი არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას გეგმავს. თედეევს, რომელიც ედუარდ კოკოითის, რეგიონის ყოფილი ლიდერის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მწვავე ოპონენტია – არჩევნებში მონაწილეობა ნოემბერშიც სურდა, თუმცა იმ მოტივით აეკრძალა, რომ მას 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. ამის შემდეგ, თედეევმა მხარდაჭერა ჯიოევას გამოუცხადა. არჩევნების პირველ ტურამდე, ჯიოევამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა „მძიმე წონიან“ ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

თავის კომენტარში ჯიოევამ განაცხადა 20 იანვარს, რომ თედეევის გადაწყვეტილება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ერთმანეთზე არ ვართ დამოკიდებული“.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა რამდენიმე კანდიდატმა; მათ შორის არიან სახელმწიფო საინფორმაციო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კაბისოვი; თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი და პარლამენტის ერთ–ერთი ვიცე–სპიკერი იური ძიცოითი. კანდიდატთა წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება; ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს, რომელიც 29 თებერვლამდე გასტანს.

13 იანვარს სეპარატისტული რეგიონის ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა რუსულ და ოსურ ენებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. რუსული სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენად რეფერენდუმის შედეგად გამოცხადდა, რომელიც 13 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა.     

მსგავსი/Related

Back to top button