ახალი ამბები

სასამართლომ საქმეზე ჟურნალისტები შსს–ს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზარალებული ჟურნალისტების და მედია ორგანიზაციებისთვის, დაახლოებით, 2 285 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება დაავალა, 26 მაისის ანტისახელისუფლებო აქციის დაშლის დროს დაკარგული ან დაზიანებული ვიდეო კამერების საკომპენსაციოდ, ასევე იმ ხარჯებისთვის, რაც პოლიციის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დაზარალებულებს მკურნალობისთვის დასჭირდათ.

მოსარჩელეებს შორის სამი ჟურნალისტი იყო, მათ შორის ორნი ინტერნეტ გამოცემა Netgazeti.ge-დან და ერთიც გაზეთ „გურია ნიუს“–ის ჟურნალისტი, რომელთაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. გასულ თვეში გამართული სასამართლო მოსმენების დროს შსს–ს წარმომადგენლებმა აღიარეს პასუხისმგებლობა მოსარჩელე ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმების გამო და განაცხადეს, რომ ისინი არ შეეწინააღმდეგებიან მათ მოთხოვნას იმ თანხის ანაზღაურებაზე, რომელიც დაზარალებულებს საავადმყოფოებში მკურნალობისთვის დასჭირდათ, რაც საერთო ჯამში 80 ლარს შეადგენდა.

მოსარჩელეებს შორის ოთხი მედია ორგანიზაცია იყო, მათ შორის გაზეთი „ბათუმელები“ (რომელიც Netgazeti.ge–ს მფლობელია); გაზეთ „გურია ნიუს“–ის გამომცემლობა; საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ და რადიოსადგური „პალიტრა“ (ეს ორნი მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ შემადგენლობაში შედიან). ისინი დაკარგული და დაზიანებული აპარატურისთვის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

სასამართლომ საქმის ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა „ინტერპრესნიუსის“ ერთი დაკარგული ფლიპ-კამერის თანხის ანაზღაურება 304 ლარის ოდენობით; საინფორმაციო სააგენტო ორი დაკარგული ფლიპ-კამერის ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა. საკმარისი მტკიცებულების არარსებობის მოტივით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა რადიო „პალიტრას“ მოთხოვნა ვიდეოკამერის თანხის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა დააკმაყოფილა გაზეთ „ბათუმელების“ მოთხოვნა ორი დაზიანებული ვიდეო კამერის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით 1 900 ლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა „გურია ნიუს“–ის მოთხოვნა დაკარგული აპარატურის თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არასაკმარისი მტკიცებულების არსებობის მოტივით.   

"სასამართლოს გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებაა, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი პრეცედენტი მოხდა“, – განუცხადა Civil.ge-ს ადვოკატმა ნათია კაპანაძემ.

მოსარჩელე ჟურნალისტები და მედია საშუალებები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებდნენ, რომ მათი საქმე განეხილათ, როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რაც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 23 დეკემბერს 130–გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 26 მაისის აქციის დარბევის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევებია გაანალიზებული. ანგარიში ასევე შეიცავს ჟურნალისტებზე თავდასხმების და მათთვის ვიდეო კამერების და ჩაწერილი ვიდეომასალის წართმევის შესახებ მონაცემებს. ანგარიშში 29 ჟურნალისტთან დაკავშირებული სხვადასხვა ინციდენტები შევიდა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის და აპარატურის წართმევის ფაქტები.

Back to top button