ახალი ამბები

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს უმასპინძლა


საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ 24 დეკემბერს ოპოზიციონერ მილიარდერს ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს უმასპინძლა და აჩვენა ხატი "საქართველოს იმედი". ფოტო: ივანიშვილის პრესსამდივნო.

24 დეკემბერს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს უმასპინძლა და ხელისუფლების მხრიდან შექმნილი პრობლემებით დაინტერესდა, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

“უწმინდესმა  ბიძინა ივანიშვილი გაამხნევა და ბრძანა: „ცხოვრება სირთულეებისგან  შედგება  და ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება“,“ – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პატრიარქი დაინტერესდა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დეტალებით და ამ მოძრაობის ირგვლივ არსებული ვითარებით.

“ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ იანვრის ბოლოდან საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები რეგიონებშიც გაიხსნება“, – იტყობინება პრესსამდივნო.

შეხვედრის ბოლოს საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ხატი „საქართველოს იმედი“ აჩვენა, რომელიც სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა და რომელმაც დღეს სამების საკათედრო ტაძარში დაიდო ბინა.

ეს ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის მეორე შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ქველმოქმედმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო –  ამ განაცხადის შემდეგ ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუწყდათ.

ივანიშვილის ადვოკატები სასამართლოს ამ აქტის ბათილად ცნობას თხოვენ, რაზეც მოსამართლე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს. თუ სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ივანიშვილს ასევე შეუძლია ხელახლა მიმართოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.

13 ნოემბერს ილია მეორემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პრეზიდენტი გაითვალისწინებს ამას და მიანიჭებს მას მოქალაქეობას“, – განაცხადა პატრიარქმა.

ივანიშვილის მიერ 2005–2010 წლებში საქველმოქმედო საქმიანობაზე გამოყოფილი 1.49 მილიარდი ლარის, დაახლოებით, 2.5% ასობით ეკლესიის  და ფრესკების აღდგენას მოხმარდა. 38 მილიონი ლარიდან, რომელიც იმ პერიოდში 504 ასეთ პროექტზე გამოიყო, სულ ცოტა 10 მილიონი ლარი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას მოხმარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button