
რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსთან ვმო–ზე შეთანხმების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 22 დეკემბერს, რომ ვმო–ზე საქართველოსთან შეთანხმება სოხუმს და ცხინვალს თავიანთი დამოუკიდებელი სტატუსისთვის დამატებითი „ატრიბუტების“ მოპოვებაში დაეხმარება და ეს შეთანხმება არ წარმოადგენს თბილისის დიპლომატიურ გამარჯვებას იმ სახით, როგორც ამის წარმოჩენას საქართველო ცდილობს.
- ვმო–ზე საქართველო–რუსეთის შეთანხმების დეტალები
- სააკაშვილი: რუსეთთან ვმო–ზე შეთანხმება ‘დიპლომატიური გამარჯვებაა’
„ჩვენ დადებითად ვაფასებთ ამ დოკუმენტს, რომელიც სრულად შეესაბამება იმ ახალ რეალობებს, რომლებიც კავკასიაში გაჩნდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა პრესკონფერნციაზე.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზაციას ვმო–ს პრინციპების შესაბამისად“, – დასძინა მან.
შემდეგ მან „მოკლედ შეაჯამა“ შეთანხმების რამდენიმე პუნქტი, მათ შორის სავაჭრო დერეფნების შექმნის და მათი ადგილმდებარეობების შესახებ. მან ვმო–ს მონაცემთა ბაზაში სავაჭრო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მხარეთა ვალდებულებებიც ახსენა და განაცხადა, რომ ეს რუსეთისთვის დამატებითი ვალდებულება არ იქნება, რადგანაც ამას ვმო–ში გაწევრიანება ითვალისწინებს. მან ასევე ისაუბრა ამ სავაჭრო მონაცემების „დამოუკიდებელი აუდიტის“ მეშვეობით შემოწმების თაობაზე. თუმცა, არ შეხებია შეთანხმების სხვა ასპექტებს, მათ შორის ვაჭრობის საერთაშორისო მონიტორინგს, რომელსაც, შეთანხმების თანახმად, „კერძო ნეიტრალური კომპანია“ განახორციელებს. ამ კომპანიას საქართველო და რუსეთი დაიქირავებენ და იგი შვეიცარიის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
„ცალკე აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მიერ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელსაც ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა, „ეს ვალდებულებებია: საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმავალ სავაჭრო გზებზე საბაჟო ტერმინალები შეიქმნება; საბაჟო პროცედურები, მათ შორის საბაჟო დეკლარაციების შევსება, გამოიყენება ყველა იმ ტვირთზე, რომელიც იქ გაივლის; შესაბამის სტატისტიკას საქართველო ვმო–ს მონაცემთა ბაზაში გადასცემს (სადაც, როგორც ცნობილია, მხოლოდ საერთაშორისო ვაჭრობაზე მონაცემები შედის და არა შიდა ვაჭრობაზე)“.
„ცხადია, რომ ეს ყველაფერი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი საბაჟო ტერიტორიების სტატუსის და საქართველოს საზღვრის, როგორც მათთან საბაჟო საზღვრების სტატუსის ატრიბუტებია, ისეთივე როგორც რუსეთ–საქართველოს საზღვარია ზემო ლარსი – ყაზბეგის რაიონში.“
„მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან პირველად საქართველომ საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერა ხელი, სადაც მკაფიოდაა განსაზღვრული ის ადგილები, სადაც ქართულმა საბაჟომ უნდა იმუშავოს. ეს ადგილები, შეგახსენებთ, საქართველო–აფხაზეთის, საქართველო–სამხრეთ ოსეთის და საქართველო–რუსეთის საზღვრებზე მდებარეობს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„დღეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრის გავლით ტვირთების გადაადგილება უმნიშვნელო მოცულობისაა და შესაბამისი რეგულირების გარეშე ხორციელდება. მაგრამ, ადრე თუ გვიან აქ ნორმალური ვაჭრობა აღდგება. და ამ შემთხვევაში, ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ იკისრა რუსეთთან შეთანხმებით 2011 წლის 9 ნოემბერს, ადექვატური ორიენტირი გახდება რეგიონში სავაჭრო ურთიერთობების საბოლოო საერთაშორისო–სამართლებრივი გაფორმებისთვის“, – განაცხადა მან.
„ზემოთხსენებულის შესაბამისად, რუსეთ–საქართველოს 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმება, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს „ქართული დიპლომატიის გამარჯვებას“ იმ კუთხით, როგორც ამის თაობაზე მოლაპარაკებების დასრულებისთანავე დაიწყეს საუბარი საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ამასთან ერთად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს საქართველოს დამარცხებაც არ არის. თუ რეგიონში სავაჭრო ურთიერთობები რეალობების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება, და არა „ფანტომების“, ამის შედეგად რეგიონში საგარეო სავაჭრო საქმიანობების ყველა მონაწილე დარჩება მოგებული“, – დასძინა ლუკაშევიჩმა.