
საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მოლაპარაკებები იგეგმება
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე შეთანხმებაში მონაწილე პარტიებს ორშაბათს შეხვედრისკენ მოუწოდა, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე ძალაში დატოვონ, თუ არა თავიანთი თავდაპირველი შეთანხმება მომავალ პარლამენტში ადგილების 150–დან 190–მდე გაზრდის თაობაზე.
„აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად გაირკვეს გაიზრდება, თუ არ გაიზრდება მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა და თუ არ გაიზრდება – რისი საწინააღმდეგოც მე პირადად არაფერი არ მაქვს – რა სხვა მექანიზმები შეიძლება იქნას მოფიქრებული იმისათვის, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად და უფრო მეტი ფუნქციებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
მან საარჩევნო სისტემის რეფორმაში ჩართულ პარტიებს ორშაბათს 14:00 საათზე პარლამენტში შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თავადაც ჩაერთვება ამ კონსულტაციებში.
„ნებისმიერი ასეთი მექანიზმი უნდა იქნას შეთანხმებული ისევ და ისევ კომპრომისის და მოლაპარაკების გზით და მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც იყო თავის დროზე ამ შეთანხმების ნაწილი, დღეს 2 საათზე მობრძანდნენ, ვიმსჯელოთ და შევეცადოთ, რომ დღის ბოლომდე გამოვიდეთ შეთანხმებული გადაწყვეტილებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.
საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებაში ჩართულმა პარტიებმა უკვე მიანიშნეს, რომ ისინი მომავალ პარლამენტში მანდატების რაოდენობის ზრდის თაობზე სადავო გეგმის ჩაგდებას აპირებენ, თუმცა ახალი ინიციატივა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მანდატები მაჟორიტარ და პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის ჯერ კიდევ შესათანხმებელია. თავდაპირველი გეგმა მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის 75–დან 83–მდე, ხოლო პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რაოდენობის 75–დან 107–მდე ზრდას ითვალისწინებდა.
თუმცა, თუ დეპუტატების მთლიანი რაოდენობა ისევ 150 დარჩება, მმართველი პარტია კვლავ მოითხოვს მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდას 83–მდე, რასაც ავტომატურად მოყვება პარტიული სიით არჩეული დეპუტატების რაოდენობის შემცირება არსებული 75–დან 67–მდე, განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან.
არსებული სისტემა, სადაც 150–წევრიან პარლამენტში ადგილები თანაბრად ნაწილდება მაჟორიტარ და პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის (75/75), მმართველ პარტიას აძლევს ხელს „მოგებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპის გათვალისწინებით.
მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის 75–დან 83–მდე გაზრდა კვლავ მმართველ პარტია მოუტანს სარგებელს.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა მმართველი პარტიის ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა. დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერმა ახალმა სისტემამ ისე უნდა გადაანაწილოს ადგილები მაჟორიტარ და პარტიული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის, რომ ეს უკანასკნელები არ დაზარალდნენ. მან 85 დეპუტატის პროპორციული წესით და 65 მაჟორიტარის არჩევის წინადადება წამოაყენა.
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, რომელიც იმ პარტიებს შორისაა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმებას შეუერთდნენ, განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის ზრდას პროპორციული მანდატების შემცირების ხარჯზე ოპოზიციისთვის „კატასტროფული შედეგი“ ექნება.