ახალი ამბები

„ტაბულა“ და საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს სარეკლამო ბაზრის ანგარიში

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს სარეკლამო ბაზრის შესახებ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ორი ჟურნალის სარეკლამო გაყიდვებს ადარებს ერთმანეთს, ერთ–ერთმა ჟურნალმა „ტაბულამ“ მწვავედ გააკრიტიკა „ნაჩქარევი, ზედაპირული და არაკომპეტენტური დასკვნის“ გამოტანის გამო.

ანგარიში, რომელიც 13 დეკემბერს გამოქვეყნდა, ქვეყნის სარეკლამო ბაზრის 38–გვერდიანი კვლევაა, რომელიც როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ხელისუფლებასთან კავშირების მქონე, ურთერთდაკავშირებული ბიზნეს პარტნიორების მცირე ქსელის მიერ მართულ სექტორს იკვლევს, რაც ბაზრის მონოპოლიზაციას და ქვეყანაში მდგრადი მედიის განვითარების შეფერხებას იწვევს. სავარაუდოდ, ანგარიშის მიერ გამოწვეული აჟიოტაჟის დიდი ნაწილი კვლევის იმ რამდენიმე სტრიქონს უკავშირდება, რომლებიც მოკლედ მიმოიხილავს „ლიბერალის“ და „ტაბულას“ შემთხვევას.

ანგარიში იტყობინება მედია ბაზრის მკვლევარებზე დაყრდნობით, რომ მართალია გაზეთების და ჟურნალების გავრცელების არეალი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტელევიზიების, თუმცა ბეჭდურ მედიაში რეკლამა პოლიტიკის სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება; შემდეგ ანგარიში აგრძელებს აბზაცით სახელწოდებით „ტაბულა“ „ლიბერალის“ წინააღმდეგ, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალ „ტაბულაში“, რომლის რედაქტორიც, თამარ ჩერგოლეიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას მეუღლეა, „რეკლამის დამკვეთები შთამბეჭდავი რაოდენობის მთლიან გვერდზე განსათავსებელ რეკლამებს ათავსებენ“ და მათ შორის ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები არიან.

„ამავდროულად, „ტაბულას“ უშუალო კონკურენტი, დამოუკიდებელი ყოველკვირეული ჟურნალი „ლიბერალი“, რომელიც დიდწილად იმავე ტიპის აუდიტორიაზეა გათვლილი, რეკლამის დამკვეთების მიზიდვას გაჭირვებით ახერხებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ცალკე მონაკვეთში ანგარიში იტყობინება „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორის შორენა შავერდაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ბიზნესმენები თავს იკავებენ მის ჟურნალში სარეკლამო სივრცის ყიდვისგან თვითცენზურის გამო, რადგანაც ის ბიზნესმენები, რომელთაც თავიანთი ბიზნესებისთვის უარყოფითი შედეგების ეშინიათ, თავს არიდებენ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებასთან თანამშრომლობისგან.

იმავე ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიებს „კავკასიას“ და „მაესტროს“ ჰქონდათ შემთხვევები, როდესაც მათმა კლიენტებმა პოლიტიკური ზეწოლის გამო ტელეკომპანიასთან კონტრაქტების ხელმოწერიდან ცოტა ხანში რეკლამები უკან გაიტანეს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ გაზეთ „ბათუმელებს“ ასევე ჰქონდა ანალოგიური შემთხვევები წარსულში.

ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალმა „ტაბულამ“ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „წუხილი გამოთქვა მოცემული კვლევის ხარისხის გამო“ და მოუწოდა საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს „უარყოს და შეასწოროს მოცემული კვლევის ის ნაწილი, სადაც "ტაბულას" მაგალითია მოყვანილი რეკლამის სექტორზე პოლიტიკური ზეგავლენის საილუსტრაციოდ“. 

ჟურნალი ანგარიშის ავტორებს ადანაშაულებს იმაში, რომ უსამართლოდ მოექცნენ „ტაბულას“, რადგანაც ისინი არ გაესაუბრნენ არც მის რედაქტორს, არც რომელიმე სხვა წარმომადგენელს, მაშინ როცა „ლიბერალის რედაქტორს შორენა შავერდაშვილს არა მხოლოდ ესაუბრა, არამედ მის სიტყვებს ანგარიშშიც ციტირებს“. „ტაბულას“ თქმით, მისი მარკეტინგის სტრატეგია „ლიბერალის“ სტრატეგიისგან განსხვავდება –  და ის რეკლამის დამკვეთებს უფრო დაბალ ფასებს და მკითხველთა უფრო ფართო აუდიტორიას სთავაზობს, მათ შორის ყოველთვიური უფასო ინგლისურენოვანი გამოცემის საშუალებით; ჟურნალის თქმით, ორ ჟურნალს შორის ეს და სხვა სხვაობები უგულებელყოფილ იქნა და არასწორად იქნა შეფასებული ანგარიშის ავტორების მიერ.

ამის საპასუხოდ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ განაცხადა 14 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „გაკვირვებული ვართ“ „ტაბულას“ რეაქციით, „რადგან ჩვენი კვლევის შესაბამისი ნაწილის კითხვისას ნათლად ჩანს, რომ „ტაბულა“, მისი მფლობელი, ან მთავარი რედაქტორი არაფერში დაგვიდანაშაულებია“.

„ჟურნალი „ტაბულა“ ჩვენი კვლევის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არ ყოფილა. კვლევის უმთავრესი მიზანი საქართველოს სარეკლამო ბაზრის სისტემური პრობლემების გამოვლენა იყო“, – ნათქვამია განცხადებაში. „ანგარიშში ერთი აბზაცი ეთმობა ჟურნალ „ტაბულას“ და ამ აბზაცში მხოლოდ იმ ფაქტებზეა საუბარი, რასაც ნებისმიერი მსურველი ამ ჟურნალის გადაშლისას თავადაც აღმოაჩენს. კერძოდ, ანგარიშში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ „ტაბულას“ აქვს ძალიან ბევრი რეკლამა“.

მისი თქმით, ანგარიშის ეს მონაკვეთი იმ ფაქტის გაშუქებას ისახავდა მიზნად, რომ „აქ რეკლამას ათავსებენ სამთავრობო სტრუქტურებიც და ამ შემთხვევაში რეკლამის განთავსება საჯარო ფინანსების ხარჯზე ხდება და ამ უწყებებს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ“. 

„ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ნებისმიერ მედია–საშუალებაში რეკლამის განთავსებისას დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხალხის ფული, რომელიც ერთ კონკრეტულ მედია–საშულებაში იყრის თავს, არ წარმოადგენს ბიზნესისთვის ფარული სუბსიდირების წყაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტაბულა“ კიდევ ერთხელ შეეცადა „ტაბულა ლიბერალის წინააღმდეგ“ სათაურის მქონე მონაკვეთის შესწორებისთვის მიეღწია, როდესაც ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა საერთაშორისო გამჭირვალობის მთავარ ოფისს ბერლინში წერილი გაუგზავნა, სადაც ის აცხადებს, რომ ჟურნალის რეპუტაცია „საკმაოდ შეილახა“. წერილში, რომლის ადრესატებიც ასევე არიან აშშ–ს საელჩო, USAID (რომელმაც დააფინანსა ანგარიში IREX-Georgia–ს მიერ განხორციელებული G-MEDIA პროგრამის მეშვეობით), ნათქვამია, რომ ჟურნალი ანგარიშის მონაკვეთის შეცვლას და ბოდიშს ითხოვს საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსგან.

2009 წლის მაისში ჟურნალ „ლიბერალის“ დაფუძნების შემდეგ მედია წრეებში ხშირად განიხილება ის მოსაზრება, რომ ბიზნეს სექტორი თავს იკავებს „ლიბერალში“ რეკლამის მიტანისგან, რადგანაც ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და ხშირად აქვეყნებს საგამოძიებო მასალებს. დებატები ამ საკითხზე კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ერთი წლის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალი „ტაბულა“ დააფუძნა. ჩერგოლეიშვილმა მაშინ ერთ–ერთი ინტერვიუში განაცხადა, რომ ჟურნალი „ლიბერტარიანელი ბიზნესმენების ჯგუფის“, მათ შორის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ლადო გურგენიძის და თავდაცის ექსმინისტრის დავით კეზერაშვილის დაფინანსებით დაფუძნდა. რეკლამების რაოდენობასთან დაკავშირებულ დებატებში „ტაბულას“ მთავარ არგუმენტად უკეთესი მარკეტინგული სტრატეგია მოჰყავდა. თუმცა, ამ არგუმენტს „ლიბერალი“ ყოველთვის უარყოფდა, როგორც შეუსაბამოს; როგორც მისმა მთავარმა რედაქტორმა შორენა შევარდაშვილმა ერთხელ განაცხადა, მას რეკლამის მოზიდვის პრობლემა მის მეორე აპოლიტიკურ ჟურნალში არ ჰქონდა.

16 დეკემბერს გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მადლობას უხდის იმ მედია–საშუალებებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ყურადღებით გაეცნენ მის ბოლო ანგარიშს და საკუთარი შეხედულებები მიაწოდეს. ორგანიზაციის თქმით, აღნიშნული კომენტარები უკვე დაერთო ორგანიზაციის ვებ–გვერდზე განთავსებულ ანგარიშს.

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ ღია და ფართო დისკუსიის დაწყებას ჩვენი ანგარიშის დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს აგრეთვე ის, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს სარეკლამო და მედია სექტორში სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძლიერი, პლურალისტური და მდგრადი მედია-სექტორის ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

Back to top button