
გამყრელიძის თქმით, პარლამენტართა რაოდენობა სავარაუდოდ აღარ გაიზრდება
ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 18 დეკემბერს განაცხადა, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის 190–მდე გაზრდა, როგორც ჩანს, აღარ მოხდება.
გამყრელიძის პარტია, ნაციონალურ მოძრაობასთან და ქრისტიან–დემოკრატებთან ერთად ამ ზაფხულს შეუერთდა საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სადავო წინადადებას პარლამენტის რიცხოვნობის 150–დან 190–მდე გაზრდის თაობაზე, 2003 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, როდესაც ამომრჩეველთა უმეტესობამ განაცხადა, რომ მათ არ სურთ საქართველოს პარლამენტში 150 წევრზე მეტი იყოს. შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარული ადგილები 75–დან 83–მდე უნდა გაზრდილიყო, ხოლო პარტიული სიით ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა 75–დან 107–მდე. შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების თქმით, ამგვარი კონფიგურაცია დაეხმარებოდა უფრო პლურალისტული პარლამენტის ფორმირებას.
ეს არგუმენტი ეყრდნობა იმ პრაქტიკით გამყარებულ მოსაზრებას, რომ მაშინ, როცა მმართველ პარტიას მეტი შანსი აქვს აიღოს მაჟორიტარული მანდატების უმეტესობა, უფრო დიდი ალბათობა გაჩნდებოდა ოპოზიციისთვის მეტი წარმომადგენელი გაეყვანა პარლამენტში, ძირითადად, პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობის 32–ით გაზრდის ხარჯზე.
პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილება ნოემბერში იქნა ინიცირებული; თუმცა 6 დეკემბერს მმართველი პარტიისა და ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის დეპუტატებმაც განაცხადეს, რომ უნდა გაიმართოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით მიეცეს თუ არა შემდგომი მსვლელობა ამ ინიციატივას; სხვადასხვა მოტივების დასახელების მიუხედავად, ჩანდა რომ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის დეპუტატები ენთუზიაზმით აღარ იყვნენ განწყობილები რიცხოვნობის გაზრდის მიმართ; პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველკვირეულ თოქ–შოუში „აქცენტები“ საუბრისას, დავით გამყრელიძემ 18 დეკემბერს სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საარჩევნო რეფორმის შეთანხმებისადმი იმ ოპოზიციური პარტიების კრიტიკამ, რომელთაც უარი განაცხადეს შეერთებოდნენ ამ შეთანხმებას, უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობა შექმნა შეთანხმების მიმართ და „ხელისუფლებასაც მისცა იმის საშუალება, რომ გადაეხედა ერთი მთავარი“ პუნქტისთვის – დეპუტატთა ოდენობის გაზრდისთვის. მისი თქმით, გაზრდა ხელს შეუწყობდა ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდას პროპორციული სისტემის ხარჯზე.
„სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა“, – განაცხადა გამყრელიძემ, „და ფაქტია, რომ 190–ზე გაზრდა, სავარაუდოდ, აღარ მოხდება“.
მისი თქმით, ამას ოპოზიციისთვის „კატასტროფული შედეგი“ ექნება, თუ 150–წევრიანი პარლამენტი შენარჩუნდება და მასში მაჟორიტარების რაოდენობა არსებული 75–დან მაინც გაიზრდება 83–მდე პროპორციული მანდატების 75–დან 67–მდე შემცირების ხარჯზე.
„ვინც არ უნდა იყოს სახელისუფლებო პარტია… ყველა სახელისუფლებო პარტია ძალიან იოლად მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
“ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არაპოპულარული იყო“, – განაგრძო მან გულისხმობდა რა რიცხოვნობის გაზრდას, „მაგრამ ჩვენ, ახალმა მემარჯვენეებმა, ქრისტიან–დემოკრატებმა ჩვენს თავზე ავიღეთ ტვირთი, რომ ეს არაპოპულარული ნაბიჯი გადაგვედგა, რათა ქვეყანაში რეალურად ხელი შეგვეშალა იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთ პარტიას ასე იოლად აეღო კონსტიტუციური უმრავლესობა“.