
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თბილისს სტუმრობს
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ვენეციის კომისიის რაც შეიძლება მეტი საარჩევნო რეკომენდაციის გათვალისწინება სასარგებლო იქნება, განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკ რუბინმა თბილისში 16 დეკემბერს.
რუბინი, რომლის მოვალეობებში კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების კურირება შედის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს და ასევე ოპოზიციის წევრებს ხვდება.
„მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომდევნო წლებში აქ დაგეგმილი არჩევნები რაც შეიძლება თავისუფალი, სამართლიანი და ღია იყოს“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
„მიგვაჩნია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ღირებულ მითითებებს იძლევა და მიგვაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ამ რეკომენდაციის გათვალისწინება საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში სასარგებლო იქნება“, – დასძინა რუბინმა.
ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის დეპუტატებმა დამატებითი წინადადებები მოამზადეს საარჩევნო კოდექსის პროექტში შესატანად. ეს წინადადებები ვენეციის კომისიის რამოდენიმე რეკომენდაციას ითვალისწინებს.
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ. მისი თქმით, ჩრდილო ატლანტიკურმა საბჭომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტის დროს „მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა მთელ რიგ სფეროებში საქართველოს იმ ძალისხმევის კუთხით, რომ წინ წაწიოს თავისი კანდიდატურა ნატოს წევრობის მიმართულებით“.
რუბინმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს პროგრესი აღიარებულ იქნას ნატოს სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
„და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ სერიოზული დისკუსია გაიმართოს შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, რათა საქართველოს მისწრაფებებმა წინ წაიწიოს“, – განაცხადა მან. „როგორ გავაკეთებთ ამას და რა ფორმატით გავაკეთებთ ამას, როგორი სიტყვებით გავაკეთებთ ამას – ეს ყველაფერი ალიანსის ფარგლებში კონსენსუსის საგანი უნდა გახდეს; მანამდე კი, ეს ის საკითხია, რაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს მოკაშირეებთან“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 16 დეკემბერს ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ, რომ „2012 წელი იქნება ძალიან დადებითი, აქტიური და დინამიური წელი ქართულ–ამერიკული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის“.
„2012 წელს, სავარაუდოდ, ვიხილავთ რამდენიმე ახალ ინიციატივას, რომელიც იქნება ერთის მხრივ, ძალიან სასარგებლო საქართველოსთვის და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობებს“, – განაცხადა მან
მოსალოდნელია, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს მომავალ წელს ეწვევა. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თქმით, ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის.
ამერიკელი დიპლომატი დღეს ოპოზიციური პარტიების – ქრისტიან–დემოკრატების, რესპუბლიკელების, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების, ახალი მემარჯვენეების, ეროვნული ფორუმის – ლიდერებს; ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ოპოზიციონერ ლიდერთა განცხადებით, განხილვის მთავარი თემები მოახლოებული არჩევნები და საგარეო პოლიტიკური საკითხები იყო.
"ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რითიც დაინტერესდა სტუმარი, ესაა მომავალი [საპარლამენტო]არჩევნების საარჩევნო სისტემა", – განუცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, "ჩვენ ვუთხარით, რომ ის გეგმა, რაც ხელისუფლებას აქვს, არის ერთ პარტიაზე მორგებული; ხელისუფლება ცდილობს ისეთი საარჩევნო სისტემა მიიღოს, რომელიც გარდაუვალს ხდის ძალიან სერიოზულ შეტაკებას პოლიტიკურ ძალებს შორის; სისტემა, რომელსაც ხელისუფლება ცდილობს რომ დაამკვიდროს, განაპირობებს მის სრულ მარცხს ან სრულ გამარჯვებას. მე დარწმუნებული ვარ ამ თემაზე ბატონ რუბინს ექნება საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლებთან".
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საუბარი შეეხო მისი და რესპუბლიკელების პოლიტიკური პარტნიორის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლის თემას.
"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ცვლილებები გამოიწვია ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ პოლიტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ყურადღებით, ძალიან დეტალურად შეისწავლოს ის თავდასხმები, რომელიც მოდის ხელისუფლების მხრიდან, როგორც საგადასახადო სამსახურების, ასევე მედიის მხრიდან ჩვენ პოლიტიკურ ალიანსზე", – განაცხადა ალასანიამ.
ეროვნული ფორუმის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ შეხვედრაზე ყურადღება საარჩევნო გარემოში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ
"ქვეყნის ერთპარტიული მმართველობიდან და პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომლის დროსაც უნდა მოხდეს პოლიტიკურ ძალთა რელური გადანაწილება საკანონმდებლო ორგანოში და ერთპარტიული პარლამენტიდან მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლა".
ქრისტიან–დემოკრატებისა და ახალი მემარჯვენეების ლიდერების გიორგი თარგამაძისა და დავით გამყრელიძის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში მისწრაფებისადმი აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
„ნატოში გაწევრიანების შეფერხება ძალიან დიდი სტიმულს უქმნის რუსეთს, რომ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოზე და შეუქმნას კიდევ უფრო მეტი პრობლემები", – განაცხადა გამყრელიძემ.