ახალი ამბები

რუსეთს ჟენევის დისკუსიებიდან ‘უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების’ ამოღება სურს

რუსეთმა ჟენევის მოლაპარაკებებიდან „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომებზე“ დისკუსიების ამოღება მოითხოვა – ეს ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ძალის გამოუყენებლობას უკავშირდება და რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ მოლაპარაკებებზე რეგულარულად განიხილება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 15 დეკემბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე–18 რაუნდის მეორე დღეს, რომ თბილისსა და სოხუმს შორის და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტებს ალტერნატივა არ გააჩნია“. მან ასევე გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ ის მზადაა გარანტორის როლი შეასრულოს ამ შეთანხმებებში – რუსეთი უარს აცხადებს თბილისის მოწოდებებზე, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გახდეს ან საქართველოს მსგავსად ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადოს, იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

„აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები შეეწინააღმდეგნენ ჟენევის შეხვედრების თანათავმჯდომარეების წინადადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღის წესრიგში შენარჩუნდეს პუნქტი „უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების“ შესახებ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ თანათავმჯდომარეების წინადადებებს ამ საკითხზე „მთელი რიგი მონაწილეები“ არ უჭერენ მხარს და რომ ეს პუნქტი არ ყოფილა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ნაწილი, რომლის საფუძველზეც ჟენევის დისკუსიები დაიწყო.

უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები მთელ რიგ შემოთავაზებებს შეიცავს იმ ფორმებზე, რომლითაც ძალის გამოუყენებლობა შეიძლება იქნას უზრუნველყოფილი;  როგორც ევროკავშირის დიპლომატმა პიერ მორელმა, რომელიც აგვისტომდე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე იყო, განაცხადა, ეს ორი კონცეფცია ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და ერთად უნდა განხორციელდეს.  
  
„თუ გინდათ ძალის არგამოყენების საკითხზე იმუშაოთ, მაშინ ასევე უნდა იმუშაოთ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე, რომელიც თავის მხრივ ძალის არგამოყენებასთან არის კავშირში“, – განაცხადა მორელმა Civil.ge-სთან ინტერვიუში 2010 წლის დეკემბერში. „ძალის არგამოყენება არ არის რაღაც ჰაერში გამოკიდებული კონცეფცია. ეს არის ის, რაც კონკრეტულ სიტუაციასთანაა კავშირში, რომელიც ადგილზე ქცევის წესებს, გარანტიებს და შედეგებს განსაზღვრავს. ამის გარეშე რაში ჭირდება ვინმეს, რომ ასეთ რთულ საქმეს მოეჭიდოს. ეს გულისხმობს რეალური უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ამიტომ, როგორც კი მუშაობას დაიწყებ სამართლებრივ განზომილებაზე, [ძალის არგამოყენების შესახებ] ვალდებულების განზომილებაზე, ასევე უნდა მიხედო გარანტიებს და ფორმებს“. 

ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმებთან დაკავშირებით, საქართველოს სურს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალების შეყვანას მიაღწიოს. ქართველი დიპლომატების თქმით, თბილისი, რომელმაც იცის, რომ ამგვარი შედეგი უმოკლეს დროში მიუღწევადია, ახლა ითხოვს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს საშუალება მიეცეთ რეგულარული ფაქტების დამდგენი ვიზიტები განახორციელონ სეპარატისტულ რეგიონებში, სადაც მათ ამის გაკეთების საშუალება არ აქვთ, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გააკონტროლოს და უფრო აქტიურად აღკვეთოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობა ადმინისტრაციული საზღვრების სიახლოვეს.  

მსგავსი/Related

Back to top button