
კარასინი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ
საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთისგან „მტრის ხატს“ ქმნის, რათა „ქვეყნის დანგრევის გამო“ საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას თავი აარიდოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
„მჯერა, რომ თბილისში დროთა განმავლობაში გაჩნდებიან საღად მოაზროვნე და პასუხისმგებელი ხელმძღვანელები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან რუსეთ–საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების სრულმასშტაბიან აღორძინებას“, – განაცხადა მან „იტარ–ტასთან“ ინტერვიუში 12 დეკემბერს, ჟენევის დისკუსიების მე–18 რაუნდამდე ორი დღით ადრე.
კარასინმა, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია ჟენევის დისკუსიებზე, განაცხადა, რომ ადგილზე „ახალი სიტუაცია“ გაჩნდა და ვერავინ ვერ გაექცევა რეალობას. „მხოლოდ ახალი ომი შეიძლება იყოს ალტერნატივა მოლაპარაკებების პროცესისა, რომელიც რეგიონში ახალ პოლიტიკურ–სამართლებრივ ურთიერთობებს ითვალისწინებს“, – განაცხადა მან.
„ვიმედოვნებ, რომ ამას ყველგან გააცნობიერებენ, მათ შორის თბილისშიც“, – განაცხადა კარასინმა.
მან თბილისი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან ხელი არ მოაწერა, როგორც მოსკოვი უწოდებს, ძალის გამოუყენებლობის სავალდებულო შეთანხმებას სოხუმთან და ცხინვალთან.
საქართველომ უკვე დადო ცალმხრივი პირობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ და რუსეთს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს. თუმცა, მოსკოვი უარზეა და ამას იმით ხსნის, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. სანაცვლოდ, ის თბილისს მოუწოდებს ცხინვალთან და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.
კარასინმა განაცხადა, რომ თბილისის მიერ და შემდეგ უკვე სოხუმის და ცხინვალის მიერ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობები პროცესის წინსვლას დაეხმარა. თუმცა, მისი თქმით, ცხინვალს და სოხუმს თბილისის ცალმხრივი პირობა „არასაკმარისად მიაჩნიათ“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვს, ევროკავშირთან და აშშ–თან ერთად, შეუძლია თბილისის, სოხუმის და ცხინვალის „მშვიდობიანი ვალდებულებების გარანტი“ გახდეს.
როდესაც კარასინს რუსეთ–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის რუსეთის სახით მტრის ხატის შექმნა ქვეყნის დანგრევისთვის საკუთარი საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის თავიდან აცილების, არცთუ მარტივი სოციალ–ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციიდან, საქართველოში დემოკრატიული თავისუფლებების დარღვევებიდან, ყურადღების გადატანის მეთოდია. საქართველოს ოფიციალურმა პროპაგანდამ აშკარა კონფრონტაციული გზით დაამახინჯა რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკებებზე საბაჟო და სავაჭრო საკითხებზე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების კონტექსტში მიღებული შეთანხმების არსიც კი“.
მან ასევე დასძინა, რომ ვმო–ზე შეთანხმებას გააჩნდა პოტენციალი, რომ გამხდარიყო „საწყისი პუნქტი ორმხრივ ურთიერთობებში ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად“. „როგორც ჩანს, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული“, – განაცხადა კარასინმა.