Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილის სიტყვა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ შეკრებაზე – სრული ტექსტი

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე, 2011 წლის 11 დეკემბერს:

"პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, ვინც მოახერხეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ამ დარბაზში ან დარბაზის გარეთ შეიკრიბეთ.

თქვენთან ერთად მივესალმები მათ, ვინც ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან ადევნებს თვალყურს ჩვენს შეკრებას.

მივესალმები მათ, ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს, მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს. მივესალმები მათაც, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მის საუკეთესო მომავალზე.

ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა, თუმცა წინ კიდევ ბევრი, დიდი თუ პატარა შეკრება გველის და საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე.

ძლიერმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და აკონტროლებდეს არჩეულ ხელისუფლებას.

მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ პროფესიონალებს ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

შესაბამისი თემატური ჯგუფები შეისწავლიან ცალკეულ დარგებში არსებულ ვითარებას და შეიმუშავებენ განვითარების ეფექტიან მოდელებს. ჯგუფებში გაიმართება კონსულტაციები კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.

ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ სტანდარტებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება.

2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“, მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი.

სამოქალაქო საზოგადოება უხეშადაა ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან.

აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია. მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება.

ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია.

ადამიანის უფლებები პრაქტიკულად ყველა სფეროში ირღვევა. ციხეებში პოლიტიკური, უკანონო თუ მცირე დანაშაულის მქონე ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში. ზეწოლა ხორციელდება მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნებისათვის ემზადება ან შექმნილი ვითარებით უფლებადამცველები ინტერესდებიან.

მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის ლოიალობას და, ხშირ შემთხვევაში, სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას.

შედეგად მივიღეთ მონოპოლიებითა და კარტელური შეთანხმებებით მართული ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენის, როგორც მდგრადი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მთავარი გარანტის, ჩამოყალიბების წინაპირობა.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებული ვითარება მოსწონთ იმ ბიზნესმენებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მანკიერი თამაშის წესებს ემორჩილებიან. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინიც ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში.

უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს. დამახინჯებული ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკიდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება.

დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადის. ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, გადახვეწილია ქვეყნიდან და, ხშირ შემთხვევაში, მონური შრომით ახერხებს ფიზიკურ გადარჩენას.

ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად, არცერთი წარმატებული რეფორმა არ განხორციელებულა ჯანდაცვის სფეროში.

მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტ-ნაკლებად წარმატებულ სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა, ანუ ის, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.

საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ოჯახს, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი.

საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები.

ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა.

ხელისუფლების „სტრატეგიის“ ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული „რუსული საფრთხის პრევენციის“ პრინციპი. ხელისუფლება ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს.

რუსეთის აგრესიასთან „პერმანენტული ბრძოლის“ მიზეზითვე ამართლებენ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას.

სახელისუფლებო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის და შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობა. რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის, რომელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

როგორც წესი, ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება ჩვენი თანამემამულე ეთნიკური უმცირესობები. თვალშისაცემია საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მინიმალური ხარისხი. უკიდურესად დაბალია მმართველ რგოლებში მათი წარმომადგენლობის დონე.

თვითნებურად ყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობა. საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად.

ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ჩვენი სრული გაუცხოება სამშობლოსაგან. მისი იდეოლოგია არის აპათია, მისი გეგმაა – გათიშე და იბატონე, მისი ლოზუნგია – ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია.

განსაკუთრებით მინდა შევეხო ახალგაზრდა სახელმწიფოსათვის აუცილებელი რეფორმებისა და, ზოგადად, ცვლილებების თავსებადობას საზოგადოების მოთხოვნებთან. ჩემი ღრმა რწმენით, არაადეკვატური მართვის სტრატეგიის გამო, დღეს რეფორმის ცნება აშკარად დამახინჯებულია.

რეფორმებად წოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების დიდი ნაწილი.

რეფორმებმა, რომლებზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, დიდი ხანია ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტის ხასიათი მიიღო. რეფორმებით მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში.

ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადოების მენტალიტეტია, თითქოს ქართული კულტურა ძნელად თავსებადია ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს.

სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქით არის. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს და მხარს უჭერს ხოლმე ისეთ ნოვაციასა და ცვლილებებს, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია.

ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს წესრიგის, კანონიერების, სამართლიანობის მოთხოვნა. ვიმეორებ, ხალხი მზადაა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს.

ამის ნათელი ნიმუშია ის ორი პრეცედენტი, რომელიც ამ გაუზრებელი, არსებითად თვითმიზნური რეფორმების პროცესში გამოვლინდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ კორუფციის სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს განათლების სისტემას. საზოგადოება ერთსულოვანი მოწონებით შეხვდა ხელისუფლების ამ ნოვაციას, მაგრამ ამ კონკრეტული რეფორმის იქით განათლების სისტემაში უმძიმესი შეცდომებია დაშვებული.

წარმატებული იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, რომლის შედეგად მივიღეთ არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია. ამ რეფორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა, იგი მიმდინარეობდა სწორედ რომ ქართული საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის ფონზე.

დღეს საქართველოს პოლიციაში ათიათასობით ჩვენი თანამემამულე მუშაობს პროფესიული ღირსების შეგნებით. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას თან მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და, რაც მთავარია, სამართალდაცვის სტრუქტურების დაუფარავი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინების იარაღად იყენებს. ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებას.

ჩვენ ისეთი სახელმწიფო გვჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა მმართველ პოლიტიკურ ელიტას.

საზოგადოების მოთხოვნაა სამართლიანობა და არა რეპრესია, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით დაწყებული საშუალო სკოლებიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებით.

ხელისუფლებისათვის ჩვენ ყველა – სხვაგვარად მოაზროვნეები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები ვხდებით მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის ლიდერს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, გამჭვირვალე საარჩევნო სიებს, თავისუფალ მედიას, ანუ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. უფლებებს, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამშობლო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს.

დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, რომლის მმართველიც, მის მიერ ჩადენილ შეცდომათა გამო, მიუღებელია საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ შეეგუა საქართველოს საზოგადოება არსებულ რეალობას – იმას, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, უტიფრად გვატყუებენ, ღირსებას გვილახავენ, ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ „უპურო სანახაობის“ქვეყანაში ვცხოვრობთ.

დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე.

მიგვაჩნია რომ:

სახელმწიფოს მართვის სისტემა უნდა დავაფუძნოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვაზე;

უნდა აღვადგინოთ ბალანსი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას;

ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი უნდა მივიღოთ მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციების საფუძველზე;

მთავრობის საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისი დამქირავებლის – საქართველოს ხალხის ინტერესების გამომხატველი, როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას;

მედია უნდა გავათავისუფლოთ სახელმწიფო კონტროლისაგან, იგი უნდა იქცეს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მრავალმხრივი, მიუკერძოებელი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი;

სასამართლო უნდა დავიცვათ ნებისმიერი გარე გავლენისგან, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება უნდა დავაფუძნოთ ერთადერთ პრინციპზე – კანონის უზენაესობაზე.

გვწამს, რომ ამ პრინციპებისადმი საზოგადოების თითოეული წევრის ერთგულება „ქართული ოცნების“ ასრულებამდე მიგვიყვანს.

დღეიდან ჩვენი მიზანია:

ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი;

ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება;

ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა;

დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და არა ევროპისაკენ სვლის იმიტაცია;

სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება;

ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება.

ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან. ჩვენი ვალია აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ საქმენიც და ადამიანებიც, რომლებმაც ამ წლებში მოახერხეს და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო.

ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა.

ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასათვის საოცნებო საქართველო!"

მსგავსი/Related

Back to top button