ახალი ამბები

სააკაშვილმა ისრაელელი ბიზნესმენები შეიწყალა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ორი ისრაელელი ბიზნესმენი, დაახლოებით, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ მას შემდეგ შეიწყალა, რაც მათ კომპანიასთან საქართველომ მრავალწლიანი ფინანსური დავა მოაგვარა. 

"საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით, იმის გათვალისწინებით რა ასაკის არიან დაკავებულები და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიიღო გადაწყვეტილება მათი შეწყალების თაობაზე", – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ 2 დეკემბერს.

ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიც ბათუმში შარშან 14 ოქტომბერს დააკავეს, ქართულმა სასამართლომ დამნაშავეებად ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ფუქსს შვიდწლიანი, ხოლო ფრენკელს 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. მათი ოჯახის წევრებმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით რვა თვის წინ მიმართეს.

ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი აცხადებდნენ, რომ მათ მიერ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი იყო და რომ ისინი საქართელოს მთავრობის „გეგმის“ მსხვერპლნი გახდნენ, რომელიც ფუქსის მიერ 98.1 მილიონი აშშ დოლარის მოთხოვნაზე უარის თქმას ისახავდა მიზნად. მან ეს თანხა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.

ასევე 2 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანგრძლივი დავა მოგვარებულია.

საქმე, თავისი თანმდევი საარბიტრაჟო პროცესით, 1991 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია Tramex-მა, რომელიც ორი მეწილით, ფუქსით და კარდასოპოლუსით იყო წარმოდგენილი, საქართველოს ენერგოსექტორში საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო. 1992 წელს Tramex-მა საქართველოს ნავთობის სახელმწიფო კომპანიასთან ერთობლივი საწარმო დააფუძნა და ნავდობსადენის ქსელის განვითარებაზე უფლება მიიღო, რომელიც 1996 წელს გაუქმდა, როდესაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ჩამოაყალიბა. კორპორაციამ კი,  საბოლოო ჯამში, საერთაშორისო კონსორციუმთან გააფორმა კონტრაქტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება დასავლეთის ბაზარზე საქართველოს და თურქეთის გავლით. ამის შემდეგ Tramex-ი და საქართველოს ხელისუფლება ამაოდ ცდილობდნენ დავის მოგვარებას, მათ შორის კომპანიისთვის შესაძლო კომპენსაციის გადახდის ჩათვლით. 2010 წლის მარტში ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც საქართველომ უკანონოდ მიითვისა Tramex-ის ინვესტიციები და საქართვთელოს 98.1 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ 2010 წლის მარტის შემდეგ საქართველოს მიერ გადასახდელი თანხა 110 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა – მან, სავარაუდოდ, თანხის გადაუხდელობის საურავები იგულისხმა.  
 
მისი თქმით, Tramex-თან მიღწეული შეთანხმება საქართველოს, დაახლოებით, 70 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვაში დაეხმარა. მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტრომ დააზუსტა, რომ საქართველოს 37 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

მსგავსი/Related

Back to top button