
საქართველოს მაჩვენებელი ‘კორუფციის აღქმის ინდექსში’ ოდნავ გაუმჯობესდა
საქართველოს მაჩვენებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2011 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში ოდნავ გაუმჯობესდა და საქართველომ 182 ქვეყანას შორის 64–ე ადგილი დაიკავა.
1 დეკემბერს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში, საქართველომ 10–ბალიან სკალაზე, სადაც 10 ქულა ძალიან სუფთას აღნიშნავს, ხოლო 0 ქულა – ძალიან კორუმპირებულს, 4.1 ქულა მიიღო. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 3.8 ქულას შეადგენდა, ხოლო 2009 წელს – 4.1 ქულას.
საქართველო, რომელიც 64–ე ადგილს სამხრეთ აფრიკასთან იყოფს, თურქეთს (4.2 ქულა) და ხორვატიას (4 ქულა) შორის მოხვდა და სხვა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ასევე ევროკავშირის წევრ ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს და სლოვაკიას გაასწრო.
„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ ქვეყნის პროგრესი „ელექტრონული, გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის წარმატებით დანერგვას“ დაუკავშირა, „რაც დადებითად შეიძლება შეფასდეს“.
„ძალიან კარგია, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ონლაინ რეჟიმში აქვეყნებს და ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა მონაცემებს და ხელს უწყობს ელექტრონული მმართველობის დამკვიდრებას. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ეს ძალისხმევა კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში, რომლებიც ნაკლებად გამჭვირვალედ მიიჩნევა“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად პროგრესისა, აუცილებელია შესაბამისი ქმედებების განხორციელება საქართველოს მთლიანი ანტიკორუფციული სისტემის გასაუმჯობესებლად.
„ჩვენს მიერ ბოლო დროს გამოქვეყნებული „ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის ანალიზი“ აჩვენებს, რომ საქართველოში მმართველობის სისტემის დაბალანსება ჯერ კიდევ სუსტია. სასამართლო ხელისუფლება, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ მთავრობაში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსებას. აღმასრულებელი შტო დიდწილად შემაკავებელი ძალის გარეშეა დარჩენილი, რადგან მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი“, – აღნიშნავს გიგაური.