ახალი ამბები

ოპოზიციური კანდიდატი ცხინვალში გამარჯვებას ზეიმობს, მისი ოპონენტი კი შედეგებს აპროტესტებს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ანატოლი ბიბილოვის საჩივრის განხილვა დაიწყო. ბიბილოვის მთავარი ოპონენტის, ოპოზიციური კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერები კი ცხინვალის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა გამარჯვება იზეიმონ.

ხმების თითქმის მთლიანი რაოდენობის დათვლის შედეგად სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორშაბათს განაცხადა, რომ 62 წლის ყოფილმა პედაგოგმა და ყოფილმა განათლების მინისტრმა ალა ჯიოევამ ხმების 56.74% მიიღო; ანატოლი ბიბილოვმა, საგანგებო სიტუაციების მინისტრმა, რომლის კანდიდატურასაც კრემლი ღიად უჭერდა მხარს, ხმების 40% დააგროვა.

ბიბილოვმა, რომელიც დანებებას არ აპირებს, უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანა და აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებს ჰქონდა ადგილი. სეპარატისტული რეგიონის უზენაესმა სასამართლომ 28 ნოემბერს მოუწოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოეცხადებინა წინასწარი შედეგები, სანამ არ დასრულდებოდა ბიბილოვის სარჩელზე სასამართლო მოსმენა.

29 ნოემბერს ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ჯიოევას ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ჯიოევამ მიმართა თავის მხარდამჭერებს, რომ ისინი გამარჯვების აღსანიშნავად შეიკრიბდნენ და არა ფერადი რევოლუციის მოსაწყობად, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო.

სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა მოიწვია.

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება 29 ნოემბერს, სეპარატისტული რეგიონის მთავრობის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ არის ჯიოევას გამარჯვება ადილობრივი პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებელი. პირველი, წყაროს ცნობით, არის პირადი მტრობა, რომელიც არა უშუალოდ ჯიოევას უკავშირდება, არამედ მის უკან მდგომებს, კერძოდ კი თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის მწვავე ოპონენტს, ჯამბულატ თედეევს. თავად თედეევსაც სურდა არჩევნებში კენჭისყრა, თუმცა მას მონაწილეობა იმ მოტივით აეკრძალა, რომ 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. საბოლოოდ, თედეევმა ჯიოევას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. არჩევნების პირველ ტურამდე, ჯიოევამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა „მძიმე წონიან“ ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

2001 წელს თედეევი და მისი უფროსი ძმა იბრაგიმი, კოკოითს სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების სათავეში მოსვლაში დაეხმარნენ, თუმცა მოგვიანებით, დაპირისპირების გამო ძმების გზა კოკოითთან გაიყო. 2006 წელს ვლადიკავკაზში იბრაგიმ თედეევი მოკლეს. იმ დროს ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა რუსულ მედიაში მკვლელობის შესაძლო მოტივებზე. ვრცელდებობა სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის „კრიმინალური ანგარიშსწორებასა“ და პოლიტიკური მოტივებზე, რადგანაც იბრაგიმ თედეევი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოკლეს. მაშინ კოკოითი მეორე ვადით იქნა არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტად.

„თუ ის [ჯამბულარ თედეევი] ძალაუფლებას მოიპოვებს, ჩვენ კლანებს შორის ანგარიშსწორების მოწმენი გავხდებით; ეს ჩვენ არ გვჭირდება“, – განუცხადა ანონიმურმა წყარომ „კომერსანტს“.

იმავე წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ცხინვალის მმართველი ელიტა ჯიოევას გამარჯვების წინააღმდეგია არის ის, რომ ეს აჩვენებს „მოსკოვს და პირადად დიმიტრი მედვედევს, რომ მისი აზრი ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ღია მხარდაჭერა გამოხატა ანატოლი ბიბილოვის მიმართ, როდესაც ისინი მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე ვლადიკავკაზში შეხვდნენ ერთმანეთს.

„კომერსანტის“ ცნობით, კრემლის მიერ ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის დამარცხება პატარა სამხრეთ ოსეთში, რომელიც „მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე, სახიფათოა მოსკოვისთვის [ რუსეთში დეკემბერსა და მარტში დაგეგმილი] საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. ამგვარი შედეგი „კრემლის სისუსტეს წარმოაჩენს“, წერს „კომერსანტი“.      

მსგავსი/Related

Back to top button