ახალი ამბები

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ახალ ლიდერს აირჩევს

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში კვირას 11 კანდიდატის მონაწილეობით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება; ზოგიერთი ადგილობრივი მიმომხილველი მეორე ტურსაც პროგნოზირებს.

სეპარატისტული რეგიონის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც 2001 წლიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტია, არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს, რადგანაც მისი მეორე და საბოლოო ხუთწლიანი ვადა იწურება.

თუმცა, როგორც მოსალოდნელია, იგი ადგილობრივი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, იმ ვარაუდების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ადრე რუსულ პრესაში გამოითქმებოდა. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ კოკოითი, რომელიც სექტემბერში მმართველი პარტიის „ერთობა“ თავმჯდომარედ იქნა არჩეული, ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს უმიზნებს. ცხინვალში აქტიურად ვრცელდება ვარაუდები იმ სცენარის თაობაზე, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამჟამინდელი პარლამენტის დათხოვნა მოხდება.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველად, დაახლოებით, 30 კანდიდატმა გამოთქვა; თუმცა ზოგიერთებმა კანდიდატურებზე უარი საკუთარი ნებით თქვეს, ხოლო ზოგიერთებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ, მათ შორის კოკოითის რამდენიმე ყველაზე მწვავე ოპონენტს.

თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბულატ თედეევს არჩევნებში მონაწილეობა  იმ მოტივით აეკრძალა, რომ მას 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. ამ ქმედებას თედეევის მომხრეთა საპროტესტო აქციები მოყვა. შედეგად კი სეპარატისტულმა ხელისუფლებამ თედეევის რამდენიმე მხარდამჭერი დააპატიმრა. საბოლოოდ, თედეევმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ კანდიდატს, ალა ჯიოევას უჭერს მხარს. ალა ჯიოევა სეპარატისტული რეგიონის ყოფილი განათლების მინისტრია, რომელმაც განაცხადა, რომ მან მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა „მძიმე წონიან“ ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი ყველაზე რეინტინგულ კანდიდატად მიიჩნევა. აგვისტოში რუსული გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინებოდა, რომ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ახალ ლიდერად ანატოლი ბიბილოვი შეარჩია. ნოემბერში სამხრეთ ოსეთს რუსი დეპუტატები სტუმრობდნენ, რომელთაც ღიად დაუჭირეს მხარი ბიბილოვის კანდიდატურას.   

„როდესაც იწყებენ საუბარს იმაზე, თუ რატომ დებს რუსეთი ფსონს ბიბილოვზე, ისმის კითხვა: და რატომ არ უნდა დადოს? რუსეთი თანხებს დებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. და რატომ არ შეუძლია ასეთ სტრატეგიულ პარტნიორს ვინმეს უპირატესობა მიანიჭოს?“ – განაცხადა ბიბილოვმა 14 ოქტომბერს, „მე ამას მადლიერებით ვიღებ და მესმის, რომ ეს უზარმაზარი ნდობაა ჩემი პერსონის მიმართ“.

რეგიონიდან გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ღია მხარდაჭერა ერთ–ერთი კანდიდატის მიმართ, ცხინვალში ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გაღიზიანებას იწვევს. თავად ედუარდ კოკოითმაც კი განაცხადა, რომ  ეს არის „ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გადაჭარბებული ჩარევა“.  

„ეს ყველაზე სამარცხვინო არჩევნებია ახალგაზრდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ისტორიაში. ამორალური წარსულის მქონე ცალკეული კანდიდატების მონაწილეობა ამ არჩევნების დისკრედიტაციას ახდენს. ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში გადაჭარბებული ჩარევა და ჩვენი საზოგადოების გახლეჩის მცდელობები არაფერს კარგს არ მოგვიტანს“, – განაცხადა მან 3 ნოემბერს დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ის, თუ რეალურად ვის უჭერს კოკოითი მხარს, ცხინვალში ფართო სპეკულაციების საგანი გახდა.

მართალია საჯაროდ მან და მისმა მმართველმა პარტიამ ბიბილოვის მხარდაჭერის შესახებ განაცხადეს, მაგრამ ოპონენტები აცხადებენ, რომ ფარულად ის სხვა კანდიდატებს უჭერს მხარს, კერძოდ გიორგი კაბისოვს, ინფორმაციის და კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს და ალან კოტაევს, ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს.

„თავი რატომ უნდა მოვიტყუოთ, რომ იმ კანდიდატს ვუჭერთ მხარს, რომელიც მოსკოვს სურს, თუმცა სინამდვილეში არ გვინდა, რომ ეს კაცი გახდეს პრეზიდენტი?“ – განუცხადა კომუნისტური პარტიის ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სტანისლავ კოჩიევმა გაზეთ „კომერსანტს“.

კოჩიევი სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც კოკოითთან უთანხმოება მოუვიდა. არჩევნებზე მისმა კომუნისტურმა პარტიამ ბიბილოვის მიმართ გამოხატა მხარდაჭერა.

სხვა კანდიდატების მსგავსად ბიბილოვიც პირობას დებს, რომ „დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებს კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებს ხრწნის“. იგი ასევე პირობას დებს, რომ ბოლოს მოუღებს რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოყოფილი დახმარების უკანონოდ მითვისებას.

პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების მსგავსად, ბიბილოვიც ჩრდილოეთ ოსეთთან „გაერთიანებას“ ემხრობა. თუმცა, თავის წერილობით წინასაარჩევნო პროგრამაში ბიბილოვი ასევე აცხადებს, რომ „გაერთიანებისკენ სვლა“ „ხანგრძლივი პროცესი“ იქნება.

კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი კაბისოვმა, რომელიც ასევე უჭერს მხარს ჩრდილოეთ ოსეთთან „გაერთიანების“ იდეას,  რუსულ გაზეთ „კომერსანტს“ განუცხადა: „მოსკოვს არც ერთხელ არ უჩვენებია, რომ ჩვენი მიტოვება შეუძლია. თუმცა, დრო შეიძლება შეიცვალოს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ან რუსეთში არ მოვა ხალხი, რომლებიც მოილაპარაკებენ ერთმანეთში და მაშინ სამხრეთ ოსეთი შესაძლოა ამ შეთანხმებებში ხურდა ფული გახდეს“.

სეპარატისტულ რეგიონში 13 ნოემბერს დილის 8 საათზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ერთი საარჩევნო უბანი მოსკოვში და ერთიც სოხუმში იფუნქციონირებს. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში არც ერთი საარჩევნო უბანი არ გაიხსნება. ოპოზიციურმა კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებით ხელისუფლებამ ფაქტიურად ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები რამდენიმე ათასი სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლის არჩევნებში მონაწილეობა დაბლოკა. მისი თქმით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ რთული იქნებოდა ამ ხმებით მანიპულირება.

ოპოზიციაც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველთა რაოდენობა გაბერა. გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტულ რეგიონში 34 000 ამომრჩეველია. თუმცა, ჯიოევამ განუცხადა „კომერსანტს“, რომ რეგიონის მთლიანი მოსახლეობაც კი არ შეადგენს 34 000–ს.   

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად სეპარატისტულ რეგიონში კვირას რეფერენდუმიც გაიმართება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს ჰკითხავენ გამოცხადდეს თუ არა რუსული, ოსურთან ერთად, სახელმწიფო ენად.

Back to top button