ახალი ამბები

რასმუსენი: ‘ნატო–საქართველოს პარტნიორობა მყარია’


ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა თბილისში, 9 ნოემბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

შემდგომი რეფორმები იქნება „საქართელოს ბილეთი ნატოში გაწევრიანებისთვის“ და ალიანსი აქ არის, რათა დაეხმაროს მას, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში 9 ნოემბერს ნატო–საქართველოს კომისიის სხდომის გახსნით სიტყვაში.

„ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველო საკმაოდ დაუახლოვდა ნატოს, მაგრამ სამუშაო კვლავ რჩება გასაკეთებელი მთელ რიგ სფეროებში“, – განაცხადა მან  და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ოდესმე საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ურყევი რჩება.

მისი თქმით, ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა „ყურადღებას გაამახვილებს მთელ რიგ შიდა რეფორმებზე, რომლებიც საქართველომ განახორციელა დემოკრატიული განვითარების, გამოხატვის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით“.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ თავდაცვის რეფორმის მნიშვნელოვან სფეროს – საქართველოსთვის იმის უზრუნველყოფის საჭიროებას, რომ მისი სამხედრო ძალების რაოდენობა, სტრუქტურა და დაფინანსება შესაბამისი იყოს და რომ ის შეესატყვისებოდეს დღევანდელ და ხვალინდელ გამოწვევებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ნაცვლად წარსულისა“, – განაცხადა რასმუსენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს და ნატოს შორის პარტნიორობა „მყარია“ და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი „შთამბეჭდავი წვლილის“ გამო.

საქართველოს ამჟამად დაახლოებით 950 სამხედრო ჰყავს განთავსებული ავღანეთში, ძირითადად ჰელმანდში. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა უფრო მეტად გაზარდოს თავისი სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში მომავალ წელს კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნით, რის შედეგადაც საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ნატოს მოკავშირეებთან მხარდახარ იბრძვიან“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ნატო–საქართველოს კომისიაზე თავის გახსნით სიტყვაში.

მისი თქმით, საქართველოს მისწრაფება ნატოში „მთელი საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსია“.

გილაურმა განაცხადა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ „საქართველოში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული და ბევრი რეფორმები განხორციელდა“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „ჩვენი რეფორმების ექსპორტიორად“ გადაიქცა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს რეფორმები და ეს წარმატებები აღიარებული იქნება… ნატოს უახლოეს სამიტზე [ჩიკაგოში მაისში]“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულყოფილი არ არის; რა თქმა უნდა, ჯერ ყველა რეფორმა არ დასრულებულა; ჯერ კიდევ უმუშევრობის მაღალი დონეა; ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ეკონომიკაში, მაგრამ სწორედ ახლა ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველო… ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა რეგიონში“, – განაცხადა გილაურმა. 
 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button