
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოსთან ურთიერთობებზე
ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, ნატოში გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მიესალმება საქართველოს პროგრესს რეფორმების განხორციელებაში, როდესაც მისი წარმომადგენლები ორ კვირაში თბილისს ეწვევიან, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ 27 ოქტომბერს.
„ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ეს ვიზიტი, რომელსაც გენერალური მდივანი უხელმძღვანელებს, უპირველეს ყოვლისა იქნება აშკარა ნიშანი იმ ერთგულებისა, რომელიც ნატოს აქვს საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის თვალსაზრისით“, – განაცხადა მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოს 9–10 ნოემბერს ეწვევიან.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და ქვეყნის ხელმძღვანელობა გაიგებენ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსგან, რომ მათ ძალიან დადებითი პოზიცია აქვთ რეფორმების განხორციელებაში იმ პროგრესის მიმართ, რომელსაც საქართველომ ბოლო წელიწადში მიაღწია“, – განაცხადა აპატურაიმ, რომელიც თბილისში დაგეგმილი ვიზიტის მოსამზადებლად ჩამოვიდა.
მან ასევე განაცხადა, რომ კიდევ არსებობდა სივრცე მეტი პროგრესისთვის და ამის მაგალითად მან სასამართლო სისტემა და საარჩევნო რეფორმები მოიყვანა. მისი თქმით, მომავალი წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „ყურადღებით დააკვირდებიან, როგორც მაჩვენებელს იმ შემდგომი პროგრესისა, რომელსაც ქვეყანა აღწევს“.
აპატურაიმ განაცხადა, რომ იგი ვერ გამოთქვამს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს 2012 წლის მაისში ჩიკაგოში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და შესაძლებელი იქნება თუ არა საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ოდესმე გახდება ნატოს წევრი.
მისი თქმით, ნატოს მიერ საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასება ზოგადად დადებითია. წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში დაინერგა, მოიცავს რეფორმათა ნუსხას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელთა შესრულების შეფასებას ყოველწლიურად აკეთებს ნატო. ეს დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. აპატურაიმ განაცხადა, რომ პროგრესი რეფორმების განხორციელებაში შექმნის „პოზიტიურ გარემოს“ ნატო–საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის გამო საქართველო „იმსახურებს“, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე სერიოზულად წაიწიოს წინ.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა საჭირო მექანიზმი ნატოსთან – წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო–საქართველოს კომისია – რომლებიც სჭირდება ქვეყანას, რათა წევრობისთვის მომზადების გზაზე რეფორმები განახორციელოს.
MAP–თან დაკავშირებით ბარამიძემ განაცხადა, რომ მთავარი ის არ არის, თუ რა სახის მექანიზმი გააჩნია ქვეყანას.
„მთავარი ის არის, რას ვაკეთებთ; მთავარი ისაა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ადის ნატოს სტანდარტზე“, – განაცხადა ბარამიძემ და დასძინა, რომ ზოგიერთი ქვეყნის სკეპტიციზმი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ უკავშირდება დროის ფაქტორს და არა თავად პრინციპს.
„პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია ყველას [ნატოს წევრი სახელმწიფოების] მიერ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ბარამიძემ. მას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ჰქონდა მხედველობაში.
მისი თქმით, საქართველოსთვის დაწესებული თამასა “უფრო მაღალია“, ვიდრე სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, „მაგრამ ეს თამასა ისეთი მაღალი არ არის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ მისი გადალახვა“.
„არ უნდა იყოს არაადექვატური მოლოდინები ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ უნდა იყოს გულგატეხილობა იმიტომ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამას დასჭირდება არც ისე დიდი დრო, თუმცა არც ისე ცოტა. ამას დასჭირდება რამდენიმე წელიწადი; გასავლელი გვაქვს არჩევნები და შემდგომ უკვე იქნება ბევრად უფრო გაადვილებული ეს პროცესი. ჩვენ კონცენტრირებული ვართ სწორედ ამ რეფორმებზე“, – განაცხადა ბარამიძემ.