
სააკაშვილი ღვინის ექსპორტის ტემპებით “უკმაყოფილოა”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ ქართული ღვინის ახალ ბაზრებზე გასვლის დაბალი ტემპებით და დააყოლა, რომ „სამტრესტის“ ხელმძღვანელი გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
„მინდა, ვთქვა, რომ „სამტრესტის“ ხელმძღვანელი [ვასილ მანაგაძე] გათავისუფლებულია სამსახურიდან. უკმაყოფილო ვარ, რადგან როგორც ჩვენ ბაზრებზე გავდივართ – ეს ჭიანჭველას და კუს ნაბიჯებია… რეალურად, მართლა წარმოუდგენელი პოტენციალი არსებობს ჩვენი ღვინისთვის“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა ეს განცხადება ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ქართული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.
„წარმოუდგენლად დიდი ბაზარი არსებობს ჩვენი ღვინის გადაღების, „სამტრესტს“ ცოტა უკეთესად რომ ემუშავა“, – განაცხადა სააკაშვილმა და სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნულ მინისტრს, ზაზა გოროზიას ამ სტრუქტურის ახალი ხელმძღვანელის მოძებნა დაავალა.
მან ასევე განაცხადა: „აღარ უნდა ისმებოდეს კითხვა, გავალთ თუ არა რუსეთის ბაზარზე…. რატომ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული ვიღაც მანიაკ ონიშჩენკოზე?“
სააკაშვილს მხედველობაში ჰყავდა „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო. 2006 წელს ქართული ღვინის და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვა „როსპოტრებნადზორმა“ მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით ახსნა.
სააკაშვილის განცხადებამდე, დაახლოებით, 20 წუთით ადრე, იმავე სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, რომელმაც მომდევნო ხუთი წლისთვის განსახორციელებელი მთავრობის ათპუნქტიანი გეგმა წარადგინა, განაცხადა, რომ წელს ქართული ღვინის ექსპორტი 18 მილიონ ბოთლამდე გაიზარდა მაშინ, როცა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 14 მილიონს შეადგენდა.
გილაურმა განაცხადა, რომ მთავარ მიზანს წარმოადგენს ღვინის წლიური ექსპორტის გაზრდა 27–30 მილიონ ბოთლამდე. მან იქვე დასძინა, რომ ეს შესაძლებელია ახალ ბაზრებზე გასვლით, მათ შორის ჩინეთსა და კანადაში.
პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 50 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მისი თქმით, მეტია 2005 წელთან შედარებით, ვიდრე რუსეთი ქართული ღვინის იმპორტს აკრძალავდა. გილაურის თქმით, 2005 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ღირებულებამ 41–45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
თუმცა, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2006 წელს, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი აკრძალა, ეს მაჩვენებელი განახევრდა და 41 მილიონი აშშ დოლარი იყო; 2007 წელს ის 29 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 2008 წელს 36.6 მილიონი აშშ დოლარი, 2009 წელს – 32 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2010 წელს 39.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2011 წლის პირველ სამ კვარტალში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 36 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.