
სარკოზი დიალოგისკენ მოუწოდებს, რუსეთს ვალდებულებებს ახსენებს
- საქართველოსა და რუსეთს შერიგებისკენ მოვუწოდებ, დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს;
- საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს;
- საქართველოს მსგავსად, ძალის არ გამოყენების ვალდებულება რუსეთმაც უნდა აიღოს;
- სამხედრო ძალის გაძლიერება სეპარატისტულ რეგიონებში შეთანხმებას ეწინააღმდეგება;
- საბჭოთა კავშირს გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერ ჩაენაცვლება;
- საფრანგეთი რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს;
- საქართველო თავისუფალია მისწრაფებაში აირჩიოს მოკავშირეები;
- გამოწვევაა დემოკრატიის განმტკიცება, მომავალი არჩევნების წარმატებით ჩატარება;
- ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია შიდა რეფორმების გაგრძელებაზე;
- რეფორმები საუკეთესო შანსია აფხაზების და ოსებისთვის საქართველო მიმზიდველი გახდეს;
- ‘როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია’.

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე, 7 ოქტომბერი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ათიათასობით ადამიანის ოვაციები მიიღო მას შემდეგ, რაც თავისუფლების მოედანზე საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ომის შეჩერებაში წვლილი შეიტანა, ახლა ბედნიერია, რომ დამოუკიდებელ, ევროპულ ერს მიმართავს, რომელსაც აქვს უფლება თავად ამოირჩიოს მოკავშირეები.
თავის 16–წუთიან გამოსვლაში თავისუფლების მოედანზე, რომელიც საფრანგეთის, საქართველოს და ევროკავშირის უზარმაზარი დროშებით იყო მორთული, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი კვლავ ადევნებს თვალს, თუ როგორ ასრულებენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში 2,5 საათიანი ვიზიტის დროს სარკოზიმ თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთანაც გამართა მოლაპარაკება და ადგილობრივი დროით 19:30 საათზე პარიზში გაემგზავრა.
სარკოზიმ განუცხადა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას, რომ „ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არა მხოლოდ დარჩა, არამედ გაძლიერდა კიდეც თქვენს კართან, გამყოფი ხაზის გადაღმა“.
მან საფრანგეთის და გერმანიის გამოცდილება გაიხსენა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მიუხედავად „მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდილი ომის მოგონებებისა“, ორმა ქვეყანამ შერიგების გზა აირჩია; სარკოზიმ მოუწოდა საქართველოსა და რუსეთს „მტკიცედ დაადგნენ ამავე გზას“.
მისი თქმით, საქართველომ აჩვენა თავისი გზა, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზეიმო პირობა დადო, რომ აღარასდროს გამოიყენებდა ძალას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
„2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების სხვა ხელმომწერებმა, თავის მხრივ, უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და იკისრონ ეს ვალდებულება. ეს, ალბათ, ბუნებრივი სვლა უნდა იყოს, რადგან ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს“, – განაცხადა მან.
სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთს „მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად“ მიიჩნევს. „პარტნიორი და მეგობარი, აი, ვინ უნდა იყოს ან კვლავაც გახდეს რუსეთი საქართველოსთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ქართველი მოსკოვში ცხოვრობს.
„მაგრამ ნდობის აღსადგენად, დაპირისპირების რიტორიკა უნდა შეწყდეს და უპირატესობა დიალოგს მიენიჭოს“, – განაცხადა სარკოზიმ და დასძინა: „ომიდან სამი წლის შემდეგ, დადგა დრო, რომ აზროვნება და მიდგომები შეიცვალოს“.
„ნდობის აღდგენის მიზნით, საჭიროა დასრულდეს დაშინება, მუქარა და დესტაბილიზაციის მცდელობები. ნდობის აღდგენის მიზნით, თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერ ჩაენაცვლება. ყველამ უნდა აღიაროს ის, ფაქტი, რომ საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, უფლება აქვს განსაზღვროს თავისი გზა და თავისუფლად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ბევრს მიაღწია თავისი წარმატებული რეფორმების გზით, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ეკონომიკაში და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ.
სარკოზის თქმით, რეფორმების ამ გზამ და გახსნილობამ უნდა დაარწმუნოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, რომ „მათი მომავალი ქართველ თანამემამულეთა გვერდითაა, ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და დამონებულ ფსევდო-სახელმწიფოებში“.
რეფორმების იგივე გზა საჭიროა, რათა ევროკავშირი დარწმუნდეს იმაში, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა.
„რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია“, – განაცხადა სარკოზიმ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, რომ სარკოზიმ საკმაოდ ნათლად წამოწია ყველა ის გზავნილი, რომელთა მოსმენაც თბილისს მისგან სურდა.
„ეს იყო ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი გამოსვლა“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხსენება ევროპული სახელმწიფოს კონტექტსში, რუსეთისთვის მოწოდება, რომ თავისი სამეზობლო მისი გავლენის სფეროდ არ ჩათვალოს და კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ექვსპუნქტიანი შეთანხმება უნდა შესრულდეს, ყველა ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო თბილისისთვის.