
სარკოზი თბილისს ეწვია
თავისუფლების მოედანზე მოსახლეობა იკრიბება, 7 ოქტომბერი, 2011 წელი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელმაც სამი წლის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში შუამავლის როლი ითამაშა, დღეს თავისი სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოვიდა.
სარკოზის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ქართველი კოლეგა მიხეილ სააკაშვილი დახვდა.
პრეზიდენტები თავისუფლების მოედანზე გაემგზავრნენ, სადაც ამჟამად იქ შეკრებილი მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოდიან.
2005 წლის მაისში საქართველოში ვიზიტის დროს აშშ–ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სწორედ თავისუფლების მოედანზე მიმართა იქ შეკრებილ ათასობით ადამიანს.
როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი არ ელის რაიმე „მკაცრ განცხადებებს“ რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
„ალბათ არ უნდა ველოდოთ საჯაროდ მკაცრ ან დამგმობ განცხადებებს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, ვინაიდან ამ შემთხვევაში პრეზიდენტი სარკოზი ასრულებს შუამავლის ფუნქციას“, – განაცხადა ბაქრაძემ 7 ოქტომბერს.
„მნიშვნელოვანია არა საჯარო განცხადება, არამედ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სარკოზი და საფრანგეთი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა მან.
სარკოზი, რომელიც 6 ოქტომბერს ერევანს სტუმრობდა, ხოლო პარასკევს თბილისში ჩამოსვლამდე ბაქოში იმყოფებოდა, საქართველოში მრეწველობის და ენერგეტიკის მინისტრთან ერიკ ბესონთან, თანამშრომლობის მინისტრთან ჰენრი დე რეინკორტთან, ტრანსპორტის მინისტრთან ტიერი მარიანისთან და საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან პიერ ლელუშთან ერთად ჩამოვიდა.
საზოგადოებამ თავისუფლების მოედანზე შეკრება დღეს 12 საათიდან დაიწყო. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების და სამინისტროების თანამშრომლებს თავიანთმა ზემდგომებმა თავისუფლების მოედანზე მისვლა დაავალეს და ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა თბილისში სარკოზის გამოსვლაზე დასასწრებად თანამშრომლების მობილიზაცია განახორციელეს.
პრეზიდენტი სარკოზი პირველად თბილისს 2008 წლის 12 აგვისტოს ესტუმრა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეათანხმა. იმ დროს საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. თბილისში ჩამოსვლისას ქართულმა მხარემ სთხოვა მას შეერთებოდა პოლონეთის მაშინდელ პრეზიდენტს ლეხ კაჩინსკის, ესტონეთის პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვესს, ლიტვის მაშინდელ პრეზიდენტს ვალდას ადამკუსს, უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს და ლატვიის მაშინდელ პრემიერ–მინისტრს ივარს გოდმანისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა წინა დღეს დაგეგმა, რათა საზოგადოების მორალური მდგომარეობა აემაღლებინა რუსული აგრესიის ფონზე. რონალდ ასმუსი წერდა თავის წიგნში რუსეთ–საქართველოს ომის შესახებ ”პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა” (A Little War That Shook the World), რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ უარი თქვა სააკაშვილის შემოთავაზებაზე, რომ პარლამენტის წინ შეკრებილებისთვის, რომლებიც აქციის წამყვანების მოწოდებით ინტენსიურად სკანდირებდნენ "სარკოზ, სარკოზ", სიტყვით მიემართა. ასმუსი წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაშინ უთხრა ქართველებს, რომ იგი იმისთვის კი არ ჩამოვიდა, რომ სიტყვით გამოვიდეს, არამედ იმისთვის, რომ ომი დაასრულოს.
პრეზიდენტი სარკოზი კვლავ ეწვია თბილისს 2008 წლის სექტემბერში მას შემდეგ, რაც ის მოსკოვს სტუმრობდა, სადაც იგი შეეცადა გაერკვია და დაეზუსტებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი. შედეგად მომზადებული იქნა 2008 წლის 8 სექტემბრის დამატებითი შეთანხმება.
საქართველო ხშირად ადანაშაულებს მოსკოვს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, განსაკუთრებით კი იმ პუნქტის შეუსრულებლობაში, რომლის თანახმადაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს; სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთი შეთანხმების ამ პუნქტს შეუსაბამოდ მიიჩნევს და ამის მოტივად ადგილზე არსებულ „ახალ რეალობას“ ასახელებს. რუსეთი აცხადებს, რომ 2010 წლის ოქტომბერში მისი საგუშაგოს სოფელ პერევიდან გაყვანით, მოსკოვის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „ვითომდა შეუსრულებლობის“ საკითხი "საბოლოოდ დაიხურა". ამ პოზიციას თბილისი „ცინიკურს“ უწოდებს.
This post is also available in: English Русский