
სააკაშვილი ობამას არაფორმალურ გარემოში შეხვდა – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი სააკაშვილი 21 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას არაფორმალურ გარემოში, გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის სახელით გამართულ ლანჩზე შეხვდა, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
“ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების საუბარი მეგობრულ ვითარებაში შედგა და ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხებს შეეხო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური.
თეთრი სახლი ამ შეხვედრის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა მის ვებ–გვერდზე განთავსებულ ვიდეოში, რომელიც ასახავს ლანჩზე ბან კი მუნის და ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლის კადრებს, ჩანს, რომ მათ მაგიდასთან მიხეილ სააკაშვილიც ზის.
მაგიდის გარშემო ასევე სხედან შვეიცარიის პრეზიდენტი, ბაჰრეინისა და ყატარის მმართველები, იორდანიის მეფე აბდულა მეორე, პერუს, ნიგერის, სამხრეთ კორეის და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტები. ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა რეფენენდუმის საფუძველზე ახლახანს მიიღო და ივლისში გაეროს წევრიც გახდა.
სააკაშვილი ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66–ე სესიის ფარგლებში იმყოფება და მისი სხდომაზე სიტყვით გამოსვლა 22 სექტემბერს იგეგმება, სადაც "მთავარი თემა საქართველოში განხორციელებულ რეფორმები და მათი რეგიონალური მნიშვნელობა იქნება".
“მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს დეოკუპაციასა და რუსეთის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულების აუცილებლობას შეეხება“, – აცხადებს მისი პრესსამსახური.
გენასამბლეის სესიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს ორმხრივი შეხვედრები უკვე გამართა ყირგიზეთის ლიდერთან როზა ოტუნბაევასთან და ნიგერიელ კოლეგასთან გუდლაკ ებელ ჯონათანთან.
იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილი შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს და საგარეო ურთიერთობათა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მიშელინ კალმი-რეის. შვეიცარია შუამავლის როლს ასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, ასევე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და მიშელინ კალმი-რეიმ „საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლის გაზრდაზეც“ ისაუბრეს და „შეთანხმდნენ, რომ, ამ თვალსაზრისით, დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და მხარეები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ“.
22 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ–იორკში ორმხრივი შეხვედრები განაგრძო მის ლიტველ კოლეგასთან დალია გრიბაუსკაიტესთან, სადაც აქცენტი საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაკეთდა; და ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან. ყაზახეთის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით დაინტერესდა – ამ ცვლილებებით მმართველობის სისტემაში პრემიერ–მინისტრის როლი ძლიერდება.