ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტმა გაეროში გამოსვლისას საქართველოზეც ისაუბრა

ნიუ–იორკში 21 სექტემბერს გაეროს გენერალურi ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ აწმყოსთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, „ჩვენ არ უნდა ავარიდოთ თავი უახლესი წარსულის მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტას“ და ავღანეთთან ერთად მან საქართველოს საკითხიც დააყენა, განაცხადა რა, რომ ეს „კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელსაც კვლავაც სჭირდება ყურადღების მიპყრობა“.

„2008 წლის ომი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით დასრულდა; ეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დარღვევაა, რაც დღესაც მოუგვარებელი რჩება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელიც ივლისის დასაწყისში საქართველოს სტუმრობდა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრმა უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, არა მხოლოდ პატარა [ქვეყნებმა]”, – განაცხადა მან.  

პრეზიდენტმა ილვესმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ კვლავაც უნდა დაუჭიროს მხარი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს; ჟენევის დისკუსიების მომდევნო, მე–17 რაუნდი 4 ოქტომბერს იგეგმება.

ილვესის თქმით, გაეროს ჩართულობას, რომელიც ევროკავშირთან და ეუთოსთან ერთად მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, „უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button