ახალი ამბები

მედვედევმა სამხრეთ ოსეთს ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 20 სექტემბერს ე.წ. დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“დღეს სუვერენული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა თანამიმდევრულად აგვარებს სახელმწიფო სტრუქტურების განმტკიცების და ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური აღდგენის ამოცანებს“, – ნათქვამია მედვედევის წერილში, რომლის ადრესატია რეგიონის ლიდერი, ედუარდ კოკოითი, რომელიც ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პოსტს მალე დატოვებს. 

“დარწმუნებული ვარ, რომ ამა წლის ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები გახდება დემოკრატიული მიღწევების შემდგომი სვლის დადასტურება სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების გზაზე“, – აცხადებს მედვედევი წერილში და იქვე აღნიშნავს, რომ „მეგობარ“ სამხრეთ ოსეთს „შეუძლია კვლავაც იქონიოს რუსეთის მხარდაჭერის იმედი მისი მოქალაქეების სასარგებლო გარდაქმნის საქმეში, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესებშია“. 

ცხინვალმა ე.წ. დამოუკიდებლობის 21–ე წლისთავი აღნიშნა სამხედრო აღლუმით, რომელსაც სეპარატისტული რეგიონის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან ერთად ასევე ესწრებოდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი, იტყობინება სეპარატისტული ხელისუფლების ვებ–გვერდი.

სამხედრო აღლუმში, რომელიც სეპარატისტული რეგიონისა და რუსეთის ჰიმნებით გაიხსნა, მონაწილეობა მიიღეს როგორც სეპარატისტული რეგიონის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა, ისე რეგიონში ბაზირებულმა რუსმა სამხედროებმა და მესაზღვეებმა, ასევე წარმოდგენილი იყო თვითმავალი და მისაბმელიანი საარტილერიო დანადგარები, საზენიტო–საარტილერიო კომპლექსები, "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები და Т-72 ტანკები.

რუსეთმა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცნო და მასთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. პარალელურად აფხაზეთის მიმართ ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან რიგი ორმხრივი ხელშეკრულებები გააფორმა, მათ შორის სამხედრო ბაზების 49 წლით განთავსების შესახებ.

20 სექტემბერს კრემლი იტყობინება, რომ სამხრეთ ოსეთთან დადებული ერთ–ერთი შეთანხმება, რომელიც საბაჟო სფეროში თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების საკითხებს არეგულირებს, პრეზიდენტმა მედვედევმა რატიფიცირებისათვის სახელმწიფო სათათბიროში შეიტანა. აფხაზეთთან ანალოგიური შეთანხმების რატიფიცირებისთვის რუსეთის პრეზიდენტმა სათათბიროს ივლისის ბოლოს მიმართა.

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების პირობებზე შვეიცარიის შუამავლობით მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ორი თვის წინ გადადგმული ეს ნაბიჯი საქართველოს საგარეო უწყებამ გააპროტესტა, როგორც რუსეთის არაკონსტრუქციულობის დემონსტრირება. თბილისის თქმით, ამგვარი ნაბიჯები კიდევ უფრო აშორებს რუსეთს ვმო–ს.

This post is also available in: English

Back to top button