
სააკაშვილი: ღვინო არის „ჩვენი პასპორტი ცივილიზებულ სამყაროში“
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყურძენი და ღვინო საქართველოსთვის „იდენტურობის“ საკითხია და ის უფრო ფართო თემაა, ვიდრე სოფლის მეურნეობა.
ამის შესახებ სააკაშვილმა 3 სექტემბერს კახეთის ერთ–ერთ ვენახში ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოწყობილ სატელევიზიო შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენთვის რთველი კახეთში არ არის ჩვეულებრივი მოვლენა“, – განუცხადა მან სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს, კახეთის რეგიონის გუბერნატორს გიორგი ღვინიაშვილს და რეგიონის გამგებლებს, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პოლიტიკური საკითხი “.
“ყურძენი და ღვინო – ეს არის ჩვენი იდენტურობის საკითხი, კულტურის ნამდვილი პასპორტი, ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი მეობა, ჩვენი არსებობა“, – განაცხადა მან.
“ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის ჩვენი პასპორტი ცივილიზებულ სამყაროში“, – გაიმეორა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვისას, ამაოდ იფიქრა, რომ ეს კახელებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აამხედრებდა; მისი თქმით, რუსეთს ასევე გაუცრუვდა იმედი, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლებოდა; სააკაშვილის განცხადებით, ყველაფერ ამის სანაცვლოდ, საქართველომ გააუმჯობესა ღვინის ხარისხი და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინა.
რუსეთმა რომც გახსნას ბაზარი ქართული ღვინისთვის, „შეიძლება ერთ დღეს ისევ პანღური ამოგარტყან და უკან გამოგაგდონ“, – განაცხადა მან.
“[რუსეთში] მთელი ბაზარი არის აგებული ყაჩაღობაზე, პირატობაზე, ფლიდობაზე და უკანონობაზე და ამ სიტუაციაში ჩვენ ვისწავლეთ, კიდევ კარგი, ნორმალურ პირობებში მუშაობა“, – აღნიშნა მან.
“დღეს ისინი განგვიხილავენ ჩვენ როგორც ქვეყანას, რომელიც მათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა, ამიტომ არაფერი კარგის იმედი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ უნდა გვქონდეს. მითუმეტეს, რომ ტყუილების დიდოსტატები არიან [რუსეთის] მთავრობის წარმომადგენლები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ბაკურ კვეზერელმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ ქართველმა მეღვინეებმა რუსეთის ემბარგოს გაკვეთილი მიიღეს. მისი თქმით, ღვინის მწარმოებლები რუსეთს „ერთ–ერთ რიგით“ ბაზრად განიხილავენ და „არცეთი კომპანია არ აპირებს იმუშაოს ამ ბაზარზე დასაბრუნებლად“.
აგვისტოს ბოლოს რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი ექსპერტები მზად არიან საქართველოში ჩასასვლელად, რათა შეამოწმონ ღვინის ხარისხი მაშინვე, როგორც კი ქართველი მეღვინეები ამ თხოვნით მიმართავენ. რუსეთმა ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყლებზე ემბარგო 2006 წელს დააწესა და ამის მოტივად მათი უხარისხობა დაასახელა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამგვარი განცხადებები მოსკოვში დრო გამოშვებით რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე კეთდება. ემბარგოს თემა, ქართული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს, რადგან რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ამ პოლიტიკურად მოტივირებული სანქციის მოხსნა, თუ ის ვმო–ს წევრი გახდება.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა 3 სექტემბერს, რომ მართალია საქართველო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას ახდენს, მაგრამ კვლავაც ბევრი რჩება გასაკეთებელი ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთისა და აშშ–ის ბაზრების ასათვისებლად.
წლევანდელ ბიუჯეტში ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებებზე 500 ათასი ლარია გამოყოფილი.