
ახალი მემარჯვენეები პატივს სცემენ აფხაზი ამომრჩევლების არჩევანს
ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ „პატივს სცემენ“ აფხაზი მოსახლეობის მიერ 26 აგვისტოს არჩევნებზე გაკეთებულ არჩევანს და აფხაზეთის ახალ ლიდერს, ალექსანდრე ანქვაბს „წარმატებები უსურვეს ამ მნიშვნელოვან პოსტზე“.
“ბუნებრივია, არც ოფიციალური თბილისი და არც საერთაშორისო ორგანიზაციები არ ცნობენ იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომლითაც აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პოლიტიკური გაერთიანება „ ახალი მემარჯვენეები“ პატივს ვცემთ აფხაზეთის მოსახლეობის არჩევანს და ვულოცავთ მათ იმ კანდიდატის გამარჯვებას, რომელსაც საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ალექსანდრე ანქვაბის მიერ აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს აფხაზი ხალხის ცხოვრებაში“, – განაცხადეს „მემარჯვენეებმა“ 29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
“ცხადია, ქართველი ხალხისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება აფხაზეთის მეთაური უახლოესი წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვართ, აფხაზი და ქართველი ხალხის ურთიერთობაში უნდა დადგეს ახალი ეტაპი, რომლის დროსაც ჩვენ მოვახერხებთ დაკარგული ნდობის აღდგენას, თანაცხოვრების ახალი ფორმის გამონახვას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის“.
“ვისურვებდით, რომ აფხაზი ხალხის არჩევანი სწორი გამოდგეს და სწორედ ალექსანდრე ანქვაბი იქცეს ისეთ ლიდერად, რომელიც ამ და აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე მდგარ კიდევ ბევრ სხვა სერიოზულ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ ნამდვილად გვინდა ვირწმუნოთ იმ ადამიანების, რომელთაც სჯერათ, რომ ალექსანდრე ანქვაბის განვლილი ცხოვრება იმსახურებს პატივისცემას, როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის მხრიდან და წარმატებებს ვუსურვებთ მას ამ მნიშვნელოვან პოსტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია თბილისში არჩევნებამდე გამოთქმულ იმ მოსაზრებაზე, რომ სერგეი შამბა, ანქვაბის ერთ–ერთი კონკურენტი კრემლის ფავორიტი იყო; თუმცა მოსკოვს არცერთი სამი კანდიდატისთვის არ გამოუხატავს საჯარო მხარდაჭერა.
„მისასალმებელია, რომ არ გამართლდა პოლიტიკური პროგნოზები იმის შესახებ, რომ ამ არჩევნებში უსათუოდ კრემლის ფავორიტი გაიმარჯვებდა. ეს ფაქტი სერიოზულ გზავნილად უნდა იქცეს იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც დღემდე სჯერა, რომ საქართველოში არჩევნების ბედს რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკური ნება გადაწყვეტს. აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ცხადი დასტურია, რომ არავის ძალუძს ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და საოკუპაციო პირობებშიც კი შესაძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ხალხის არჩევანს რეალურად გამოხატავს. ეს უდავოდ კარგი მაგალითია 2012 და 2013 საქართველოში მოსალოდნელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება, ხოლო მოსახლეობამ თავის პოლიტიკური სიმწიფე და გონიერება უნდა აჩვენოს“, – აცხადებენ ახალი მემარჯვენეები.
ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურს „ეხო კავკაზა“–ს განუცხადა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის იმ ნაწილის არჩევანი, რომლებიც ამჟამად რეგიონში ცხოვრობენ, „პატივსაცემია“.
“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოსახლეობის იმ ნაწილის არჩევანია, რომელიც ამჟამად ცხოვრობს აფხაზეთში. სამწუხაროდ, ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე მოკლებულია არჩევანის გაკეთების უფლებას. ამიტომ და სხვა კიდევ ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის მსგავსად არ განვიხილავთ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად“, – განაცხადა ალასანიამ.
“მაგრამ ჩვენ ასევე არ ვაპირებთ მის იგნორირებას. რადგან ჩემი პოლიტიკური პარტია და ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ღრმადაა დარწმუნებული, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგი ურთიერთნდობის აღდგენის მიზნით, დაინტერესებული მხარეების შემდგომი ჩართვით, დიდად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა.
რუსულ გაზეთთან „იზვესტია“ ინტერვიუში, რომელიც 28 აგვისტოს გამოქვეყნდა, კითხვაზე თუ რა შეიცვლება თბილისთან ურთიერთობის კუთხით, ალექსანდრე ანქვაბმა უპასუხა: „რა შეიძლება შეიცვალოს?“
„არის ჟენევის პროცესი – ჩვენ იქ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. ის წინადადებები, რომლითაც ჯერ კიდევ სერგეი ვასილევიჩ ბაღაფში გამოდიოდა მშვიდობისა და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით – უარყვეს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ საქართველოსთან ნაკლებად თუ შეიძლება რამეზე მოლაპარაკება“, – განაცხადა ანქვაბმა.