ახალი ამბები

მოსკოვში საქართველოს საკონსულო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

საქართველოს საკონსულო მოსკოვში, რომელიც ოფიციალურად რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ნაწილია, 17 აგვისტოს, უკვე მეორედ ამ თვეში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რამაც უბიძგა თბილისს მოსკოვი დაედანაშაულებინა იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო სექციის „ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირება“. თბილისმა მოსკოვი „საპასუხო ზომების მიღების“ შესახებაც გააფრთხილა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა საკუნსულოსა და იმ კერძო კომპანიას შორის დავას წარმოადგენს, რომელიც ფლობს შენობას სადაც საკონსულოა განთავსებული და რომ მას ამ პრობლემასთან კავშირი არ აქვს. 

მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, 2009 წელს ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ მათი დიპლომატიური მისიები შვეიცარიის საელჩოში იმუშავებდნენ. შედეგად, 2009 წლის 5 მარტს შვეიცარიის საელჩომ საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია გახსნა, და ანალოგიურად, საქართველოს ინტერესების სექცია გაიხსნა მოსკოვში მდებარე შვეიცარიის საელჩოში.  

რუსეთის ინტერესების სექცია საქართველოში რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაში მოქმედებს; ასევე საქართველოს სექცია ფუნქციონირებს მოსკოვში საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობაში. თუმცა, საქართველოს საკონსულო სამსახური სხვა ადგილასაა განთავსებული, კერძოდ კი ოსტოჟენკას ქუჩის 26 ნომერში – ”ოსტოჟენკას ბიზნეს ცენტრის” შენობაში, რომლის მფლობელიც „რუსინვესტპროექტია“.

შენობის მეპატრონე კომპანია აცხადებს, რომ საქართველოს საკონსულო სამსახურს 2008 წლის იანვრის შემდეგ არ გადაუხდია კომუნალური გადასახადები, კერძოდ წყლის, ელექტროენერგიის და გათბობის საფასური.

შენობის მეპატრონის განცხადებით, 2008 წლის იანვრიდან 2010 წლის დეკემბრამდე დაგროვილმა დავალიანებამ 1.076 მილიონ რუბლს (დაახლოებით 37,500 აშშ დოლარს) მიაღწია. პირველად, საქართველოს საკონსულოს ელექტროენერგიის მიწოდება აგვისტოს დასაწყისში შეუწყვიტეს, რის შედეგადაც საკონსულოს 4 აგვისტოს ორი დღით მუშაობის შეჩერება მოუხდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შენობის მეპატრონის პრეტენზიებს „უსაფუძვლო“ უწოდა.

„აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც სხვადასხვა კორუფციული გარიგებების შედეგად რამდენჯერმე შეცვლილი შენობის მესაკუთრეების უსაფუძვლო მოთხოვნების შედეგად ხდება სექციის მუშაობის შეწყვეტა, რითიც ზარალდებიან, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 17 აგვისტოს.

მან ასევე განაცხადა, რომ 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ ქართული სექცია მოსკოვში იძულებული გახდა შეეჩერებინა მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება. რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს მიერ ცალმხრივად გამარტივებული პროცედურების ფარგლებში, ვიზების აღება აეროპორტებში ჩამოსვლისას, ხოლო უკვე 2 ივლისიდან სასაზღვრო–გამშვებ პუნქტ ყაზბეგი–ზემო ლარსზეც შეუძლიათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედებით რუსეთის მხარე არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მათ შორის განიხილება ქართული მხარის მიერ საპასუხო ზომების მიღების საკითხიც“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი გივი შუღაროვი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ალექსეი პავლოვსკის შეხვდა და საკითხის მოგვარების მიზნით შვეიცარიის წარმომადგებლების თანდასწრებით კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა.

16 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მოლაპარაკებების გამართვის საფუძველი არ არსებობს, რადგანაც დავა საკონსულოსა და კერძო კომპანიას შორისაა. 

„საკონსულო სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არ არსებობს“, გარდა გადაუხდელი კომუნალური გადასახადებისა, განაცხადა ლუკაშევიჩმა.

„რუსული მხარე კეთილსინდისიერად ასრულებს 2009 წლის 4 მარტს შვეიცარიასთან სამთავრობოთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესტთა სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარეც ანალოგიურად მოიქცევა თბილისში ჩვენ ინტერესთა სექციასთან მიმართებაში“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა 16 აგვისტოს. 

Back to top button