
ალასანია: სახელმწიფო საწარმოთა აქციების საერთაშორისო ბირჟებზე განთავსება ”რისკებს შეიცავს”
მთავრობის გადაწყვეტილება, რომ რამდენიმე სახელმწიფო კომპანიის აქციები საერთაშორისო ბირჟებზე განათავსოს, „სერიოზულ რისკებს“ შეიცავს და ნებისმიერ საბოლოო გადაწყვეტილებას ფართო საჯარო განხილვები უნდა უძღოდეს წინ, განაცხადა ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
გასულ კვირაში მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა, რომელიც რამდენიმე სახელმწიფო კომპანიას ლონდონის და ვარშავის ბირჟებზე 15-20-25%-ის აქციების განთავსების შესაძლებლობას მისცემს.
იმ კომპანიებს შორის, რომლის აქციების განთავსებასაც მთავრობა საერთაშორისო ბირჟებზე გეგმავს, არიან „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს, ასევე „თელასი“, რომელშიც სახელმწიფოს წილი 24.53%–ს შეადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება თავისთავად მიღებული პრაქტიკაა, ჩვენს რეალობაში ეს გადაწყვეტილება სერიოზულ რისკებს შეიცავს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ 15 აგვისტოს პრემიერ–მინისტრისთვის ნიკა გილაურისთვის გაგზავნილ წერილში.
წერილში ალასანია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საფონდო ბირჟებზე არსებული რთული მდგომარეობის გამო, საქართველოს სახელმწიფო კომპანიების აქციების რეალური ღირებულების „მნიშვნელოვნად შემცირებულ შეაფასებას“ ექნება ადგილი.
„აქედან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ხსენებული სტრატეგიული ობიექტების შემცირებულ ფასად ბირჟაზე გატანით, დაინტერესებულია მოქმედი ხელისუფლება, რათა კონკრეტული ინვესტორების მიერ ამ ობიექტების ფარული პრივატიზაცია განხორციელდეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე მოხდეს საკონტროლო პაკეტის მათ ხელში იაფად ჩადგება“ – ნათქვამია ალასანიას წერილში.
„ბოლო წლების განმავლობაში, მრავალი მაგალითი დაგროვდა იმისა, თუ რა ფორმით და როგორ მიზანმიმართულად ასხვისებს მოქმედი ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს შეუსაბამოდ დაბალ ფასად. როდესაც ინვესტორმა შეიძინა ფოთის პორტი, ორი წლის შემდეგ, მასში უმნიშვნელო ინვესტიციების ჩადების შემდეგ, იგი ორმაგ ფასად გაყიდა“, – აცხადებს ალასანია.
„ობიექტების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ ობიექტების მყიდველებად მხოლოდ ჩვენი მეზობელი ქვეყნები თუ მოგვევლინებიან, რათა გააძლიერონ თავიანთი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე“, – განაცხადა ალასანიამ.
იგი ასევე წერს, რომ საზოგადოება „იმსახურებს, იყოს ინფორმირებული თავისი სტრატეგიული ობიექტების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აქტიურად იყოს ჩართული მათი მოსალოდნელი გასხვისების მიზანშეწონილობის განხილვაში და ასევე იცოდეს, იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება მიზანშეწონილად ამ ობიექტების გასხვისება, რას მოხმარდება მათი გასხვისებით მიღებული თანხა“.
„სანამ ეს პირობები არ შესრულდება, კატეგორიულად მოვითხოვთ, შეჩერდეს სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ“, – ნათქვამია ალასანიას წერილში.