ახალი ამბები

Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ დევნილთა იძულებით გამოსახლება უნდა შეწყვიტოს

Amnesty International აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დევნილთა იძულებით გამოსახლება და უზრუნველყოს ისინი ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით.

ივლისში თბილისში დაწყებული გამოსახლების მორიგი ტალღის დაწყებასთან ერთად, 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ პრეს–რელიზში ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ გაიმეოროს „იგივე შეცდომები“, რასაც ადგილი ჰქონდა შარშან ივნის–აგვისტოსა და 2011 წლის იანვარში, დაახლოებით, ათასი ოჯახის თბილისიდან რეგიონებში განსახლების დროს და რასაც  Amnesty International მის 29–გვერდიან ანგარიშში აღწერს.

Amnesty International აცხადებს, რომ საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიცემული პირობის მიუხედავად, „დაარღვია საერთაშორისო ვალდებულებები და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირის სიტუაცია გააუარესა“.

“ომის გამო გადასახლებულ ადამიანებს ესაჭიროებათ სტაბილური გარემო თავიანთი ცხოვრების ხელახლა ასაწყობად. სანაცვლოდ, ხელისუფლებამ მათ, ადეკვატური კონსტულტაციების, შეტყობინების ან სამართლებრივი საშუალებების ხელმისსწვდომობის გარეშე გამოსახლებით, დაუცველობის დამატებითი განცდა გაუჩინა. ზოგიერთ შემთხვევებში, ხელისუფლებამ ვერ შეძლო გამოსახლებულთა ადეკვატური ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა“, – აცხადებს  Amnesty International–ის ქართველი მკვლევარი ნატალია ნოზაძე.

ამასთან, Amnesty International აგრძელებს მოწოდებებს სეპარატისტული ხელისუფლებების მიმართ, რომ პატივი სცენ დევნილთა თავიანთ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ სანამ ეს არ არის შესაძლებელი, საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები მათი ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის და ეკონომიური დამოუკიდებლობის პირობების შექმნის გზით.

“ვიდრე გამოსახლებისა და გადასახლების პროცესი ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და მათი ინფორმირებული ჩართულობით არ განხორციელდება, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები უფრო ხელს შეუშლის, ვიდრე შეუწყობს დევნილი ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ადგილობრივ საზოგადოებაში“, – აცხადებს Amnesty International–ის მკვლევარი.

ანგარიშის თანახმად, 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის თებერვლამდე დროებითი თავშესაფრებიდან გამოსახლებების პროცესში სულ 1 248 დევნილი ოჯახი იქნა გამოსახლებული. აქედან 440 ოჯახს ფინანსური კომპენსაციები შესთავაზეს; 450 ოჯახი სხვა კოლექტიურ ცენტრებში იყო რეგისტრირებული და ამიტომ განუცხადეს, რომ გამოსახლების შემდეგ თავიანთი საწყისი რეგისტრაციის ადგილებში დაბრუნებულიყვნენ; 79 დევნილი ოჯახი კერძო სექტორში იყო რეგისტრირებული, რომელთაც საცხოვრებელთან დაკავშირებით დახმარებაზე უფლება მოგვიანებით მოიპოვეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 279 ოჯახიდან, რომელთაც გამოსახლების დროს განსახლების შემოთავაზება მიიღეს, 76 დათანხმდა სხვა რეგიონებში გადასვლას, სხვებმა კი უარი განაცხადეს.

Amnesty International–მა განაცხადა, რომ მართალია გამოსახლებულ ოჯახებს შესთავაზეს რაიონებში „უკეთესი ხარისხის ბინებში“ გადასვლა, მათი გადასახლება რაიონებში, სადაც „შეზღუდულია სამუშაო და ცხოვრების პირობები, იმას ნიშნავს, რომ ამ ოჯახებს აღარ ექნებათ შემოსავლის მიღების და საკუთარი თავის შენახვის შესაძლებლობა“.

ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ ის დევნილი ოჯახები, რომლებიც 2010 წლის ივნისი–აგვისტოს გამოსახლების პროცესში ფოცხო–ეწერში გადაასახლეს „ისეთი საცხოვრებლით უზრუნველყვეს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით“. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2007 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი საკანონმდებლო და პრაქტიკული ზომები განახორციელა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის კოლექტიური ცენტრების გარემონტებისა და საცხოვრებელი ფართების დევნილი ოჯახების საკუთრებაში გადაცემის გზით. 

„თუმცა Amnesty International–ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დევნილი მოსახლეობის განსახლების გეგმები ძალადობრივი გამოსახლებებით დასრულდა, რაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებების დარღვევით განხორციელდა“, – ნათქვამია ანგარიშში.   

„დევნილი მოსახლეობის დედაქალაქიდან რაიონებში გადასახლების ბოლო მცდელობა უჩვენებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა დამანგრეველია და არ ეხმარება ბევრ გადასახლებულს ხანგრძლივი მდგრადი საცხოვრებელი პირობები შეიქმნან“, – განაცხადა Amnesty International–მა. 

 

Back to top button