
რუსეთის საგარეო უწყება აკრიტიკებს აშშ–ის სენატის რეზოლუციას
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს აშშ–ის სენატის რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს, ხოლო რუსეთს თავისი შეიარაღებული ძალების 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
“იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თითქოს, ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, არ აქვს არ ფაქტიური და არც სამართლებრივი საფუძვლები. ამის შესახებ ამერიკელი სენატორების განცხადება კი მოწმობს ან საერთაშორისო სამართლის უცოდინრობას, ან რეალური ფაქტების სრულ უგულებელყოფას“, – აცხადებს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი 1 აგვისტოს სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში.
„ყველაფერი ეს დარწმუნებით აჩვენებს, რომ აღნიშნული რეზოლუცია იმაზე მეტი არაა, ვიდრე პიარული სავარჯიშო, რომელიც იმისათვისაა განხორციელებული, რომ "ქართულ სიუჟეტში“ "დაფიქირდეს“,“– აღნიშნავს ის.
თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი სულაც არ არის "უწყინარი“.
“ისინი ასაზრდოებენ რევანშისტულ განწყობებს, რომლებიც თბილისის პოლიტიკისთვისაა დამახასიათებელი, ამართლებენ და წახალისებას უკეთებენ ქართული მხარის სურვილის არქონას სოხუმთან და ცხინვალთან აწარმოოს საუბარი ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით. ამასთან, სწორედ ამგვარი დიალოგის წარმოება არის მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის გასაღები რეგიონში. არ იქნებოდა ცუდი, რომ ამის შესახებ ახსოვდეთ, მათ შორის ამერიკელ სენატორებსაც“, – აცხადებს ლუკაშევიჩი.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე "არცერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე არ არის“.
"რეგიონში არიან რუსული სამხედრო კონტიგენტები, მაგრამ ისინი იმყოფებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ მათი „აშკარად გამოხატული თანხმობით“ და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, აცხადებს ლუკაშევიჩი.
თავის კომენტარში ის ასევე ხაზს უსვამს, რომ მოცემულ კონტექსტში ტერმინ ოკუპაციის გამოყენება, რასაც თბილისი აქტიურად ლობირებს დასავლურ დედაქალაქებში, "აბსურდულია“.
“სხვათა შორის, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ოკუპაციის რეჟიმის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იქ მცხოვრებ სამოქალაქო მოსახლეობაზე, ანუ ფაქტიური ჩანაცვლება ადგილობრივი ხელისუფლების საოკუპაციო ხელისუფლებით. ამასთან, რუსულ სამხედრო ფორმირებებს არც აფხაზეთსა და არც სამხრეთ ოსეთში კანონიერი ხელისუფლება არასოდეს ჩაუნაცვლებია. არავითარი ნორმატიული აქტები, რომელიც სავალდებულო იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, არც რუსეთის ხელისუფლების და არც რუსული სამხედრო ფორმირებების მიერ არ გამოცემულა,“– აღნიშნავს ლუკაშევიჩი.
ოფიციალური თბილისი მიესალმა 29 ივლისს ამერიკელი სენატორების მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას და განაცხადა, რომ ის საქართველოში არსებულ მდგომარეობას ზუსტ სამართლებრივ–პოლიტიკური შეფასებას აძლევს.