
ბათუმის კონფერენცია – ორი თვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე
ავტორი: შტეფან ფულე, ევროკომისარი გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში
ივლისში, ისევე, როგორც წინა წლებში, ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული საქართველოს მეგობრები ბათუმში მოიყრიან თავს. ეს შეკრება ჩვენი ურთიერთობების მუდმივი მახასიათებელი გახდა. ამ კვირაში დაგეგმილი მერვე კონფერენცია სახელწოდებით ,,საქართველოს ევროპული გზა“ ის ღონისძიებაა, რომელსაც ვერაფრით გამოაკლდება ყველა ის ადამიანი, ვინც ყოველდღიურად, სისტემატიური მოლაპარაკების გზით საქართველოს ევროპულ მომავალს აშენებს.
საქართველოს არჩევანი, იაროს ევროპასთან ინტეგრაციის გზით, საამაყოა და იმედისმომცემი. საამაყოა იმიტომ, რომ ეს არჩევანი არ არის იოლი და უკვე დღეიდან მოითხოვს მკაცრი რეფორმების განხორციელებას. იმედისმომცემი ეს არჩევანის იმიტომაა, რომ არავის შეაქვს ეჭვი მის სარგებლიანობაში. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ღია ეკონომიკის არჩევა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ძირითადი შემადგენელია. სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმაში დაგვარწმუნა, რომ მოქალაქეები, სულ უფრო კარგად ხედავენ და იზიარებენ ამ ფასეულობებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო, მტკიცე და დინამიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც საერთო მიზნების შესრულებას ემსახურება, კერძოდ, დემოკრატიის განმტკიცებასა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას. ჩვენ ბევრი მიმართულებით უნდა გადავდგათ ნაბიჯები წინ, მათ შორის ვაჭრობასა და უფრო მეტი თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით. ეს არ არის იოლი საქმე დღეს, რადგან სანამ რაიმე ხელშესახებ შედეგს მივაღწევდეთ, ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწეული წარმატებებია და ის, რომ მზად ვართ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.
2011 წლის ბათუმის კონფერენცია უმნიშვნელოვანეს დროს იმართება: სექტემბრის ბოლოს საქართველოს ლიდერები და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი დანარჩენი ქვეყნები თავის ევროკავშირელ პარტნიორებს ვარშავაში შეხვდებიან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირს საერთო ინტერესები აქვთ. მნიშნვნელოვანია, რომ ლიდერებმა ღიად ისაუბრონ მათ წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები და ახალი მიმართულებით წარმართონ ყოველი ერთობლივი ძალისხმევა. თუმცა, საჭიროა, რომ გავცდეთ საუბრის და დისკუსიის ეტაპს. ჩვენ უნდა განვაახლოთ 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის გაცხადებისას პრაღაში მიღებული ვალდებულება, ვიყოთ ერთგულნი დემოკატიისა და კანონის უზენაესობისა. ჩვენ, ასევე, უნდა დავეყრდნოთ იმ გამოცდილებას, რაც პრაღის შემდეგ მივიღეთ; უნდა ვაკეთოთ მეტი, უკეთ, ერთად და ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულების სულისკვეთებით.
ვარშავაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიზანი თანამშრომლობის ახალი გზების გახსნაა. ჩვენ ბევრ ისეთ სფეროში უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა, სადაც ჩვენი ინტერესები მჭიდროდაა გადაჯაჭვული, მაგალითად ტრანსპორტსა და ენერგეტიკაში. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებმა რაც შეიძლება დიდი სარგებელი მიიღონ ევროკავშირის იმ ინიციატივებიდან და პროგრამებიდან, რომლებიც ევროკავშირმა თავისი მოქალაქეებისთვის შეიმუშავა და რომლებმაც მათ წარმატება მოუტანა. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია.
ყველა ეს ზემოჩამოთვლილი ღონისძიება არამხოლოდ მთავრობასთან, არამედ მთელ საზოგადოებასთან ერთად უნდა განხორცილედეს. ჩვენ მოქალაქეებს შორის ურთიერთობებს უნდა შევუწყოთ ხელი – მათ ხომ ერთმანეთისთვის ძალიან ბევრის გაზიარება და სწავლება შეუძლიათ. აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ძალზე სასარგებლო იქნება ორმხრივი ღონისძიებები, რომლებზეც შეიკრიბებიან სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის წარმომადგენლები იმისთვის, რომ მათი ხმა უკეთ იქნას გაგონილი და მოხდეს მათ მიერ დასმულ პრობლემებზე რეაგირება.
ვარშავის სამიტი უნდა იყოს ის ნაბიჯი, რომელიც საერთო მიზანთან დაგვაახლოებს. ეს მიზანი არის ხელახალი გამთლიანება იმ საერთო ევროპული კონტინენტისა, რომელიც ოდესღაც გაიყო, ნაბიჯ–ნაბიჯ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ, თუმცა დრო დაგვჭირდება. იმედი გვაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ თავისუფალ გადაადგილებას მთელს კონტინენტზე, ვაჭრობას მუშაობას და გართობას, ურთიერთობას ყველა მიმართულებით. სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი გარანტია იმისა, რომ ჩვენი კონტინენტის ქსოვილი აღდგენილია და გაუძლებს დროის გამოცდას.