
თბილისში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება
დღეიდან თბილისის იმ სამარშუტო ხაზებით მგზავრობა, რომელზეც ახალი მიკროავტუბუსები იქნა გაშვებული, 50–დან 80 თეთრამდე გაძვირდა, მიუხედავად დედაქალაქის ხელმძღვანელობის ადრინდელი დაპირებისა, რომ მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა.
თუმცა ჯერ–ჯერობით 50 თეთრიანი ტარიფი უცვლელი დარჩა იმ ხაზებზე, სადაც ჯერ კიდევ ძველი მიკროავტობუსები მოძრაობენ.
"ფორდის“ ტიპის ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლება დედაქალაქში ეტაპობრივად მოხდება. სამარშუტო ხაზების ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელის დავით ასანიძის განცხადებით, "კომფორტულ“ ახალ მიკროავტობუსებში დაგეგმილია ელექტრონული გადახდის საბარათე სისტემის შემოღება.
“პირველი გადახდა ეღირება 80 თეთრი, ხოლო მეორე გადახდა იმ დღესვე იმავე ან სხვა მიკროავტობუსით მგზავრობისას, ეღირება უკვე 65 თეთრი“, – განაცხადა ასანიძემ.
მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელის აკაკი ჯოხაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველები ისარგებლებენ შეღავათებით და მგზავრობის ნახევარ საფასურს გადაიხდიან, დარჩენილ ნახევარს კი თბილისი მერია დაფარავს. ამგვარი შეღავათი, დაახლოებით, 120 ათას თბილისელზე გავრცელდება.
ამ ეტაპზე მგზავრობის გაძვირება მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზის მგზავრებს შეეხოთ. მათი ნაწილი უკმაყოფილოა მგზავრობის გაძვირებით.
სამარშრუტო ხაზების ბიზნესი ოთხი კომპანიის ხელში გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ გასული წლის მიწურულს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს. ოპოზიცია მაშინ აცხადებდა, რომ ტენდერი თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან დაახლოებულმა ბიზნეს ჯგუფმა მოიგო, რათა ამ ბიზნესის მონოპოლიზება მოეხდინა. თუმცა ხელისუფლებამ ეს ბრალდებები უარყო.
გამარჯვებული კომპანიის მიერ წაყენებული პირობების წინააღმდეგ თებერვალში მოკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა მოაწყვეს.
მათი პროტესტის დასრულების შემდეგ, 28 თებერვალს გიგი უგულავამ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა.
თებერვალში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ახვლედიანმა ასევე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ "მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“. მაშინ მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მძღოლები სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებდნენ და რომ მათი დღიური გადასახადი 10 ლარით განისაზღვრებოდა.