
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე რელიგიურ უმცირესობათა სტატუსზე ცვლილებებს მიესალმა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ მოდ დე ბურ–ბუკიკიომ განაცხადა, რომ რელიგიურ უმცირესობათა სამართლებრივ სტატუსზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილება "მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯია“.
"მე მივესალმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს რელიგიურ ასოციაციებად დარეგისტრირების საშუალებას მისცემს“, – განაცხადა მოდ დე ბურ–ბუკიკიომ Civil.ge-სთვის 11 ივლისს ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ განცხადებაში, "ეს მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯია, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში რელიგიური რწმენის პრაქტიკის მიმართ უფრო ღია და ტოლერანტული მიდგომის უზრუნველსაყოფად“ .
"ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციაში ნათლადაა ნათქვამი, რომ ყველა ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლება; ეს ცვლილებები კოდექსში უფრო მყარ საფუძველს უზრუნველყოფს ამ უფლებების დასაცავად“, – განაცხადა მან.
2011 წლის აპრილში საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა, რომ იგი "შეშფოთებულია შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის და სამართლებრივი დაცვის ნაკლებობის გამო არსებული სარწმუნოებებისთვის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა“.
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს "მიიღოს სპეციალური კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც შესაბამის და თანასწორ სამართლებრივ სტატუს შესთავაზებს ქვეყანაში არსებულ ყველა სარწმუნოებას“. მართლია რაიმე ცალკე კანონი არ მიუღია, მაგრამ ხელისუფლებამ ამ საკითხის მოგვარება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებით გადაწყვიტა, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას აძლევს.
11 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოზე, მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი ასევე მიესალმნენ საკანონმდებლო ცვლილებას.
"ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა საქართველოში არსებული ყველა რელიგიური თემისთვის და ასამბლეის რეკომენდაციებს შეესაბამება. იგი ადასტურებს საქართველოს მიერ რელიგიის თავისუფლების უფლების და შიდა რელიგიური ტოლერანტობის პრინციპის პატივისცემას“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.