ახალი ამბები

რელიგიური გაერთიანებების სტატუსზე მიღებულმა ცვლილებამ კანონის ძალა მიიღო


ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საკანონმდებლო ცვლილებამ, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლებას აძლევს, კანონის ძალა მიიღო მას შემდეგ, რაც ის 6 ივლისს "საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოში ცვლილებების გამოქვეყნება იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას ხელი მოაწერა – ერთი დღის შემდეგ, რაც პარლამენტმა ცვლილება მეორე და მესამე მოსმენებით მიიღო 5 ივლისს.

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც „მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ საქართველოსთან“ ან კანონმდებლობით რელიგიებად არიან მიჩნეული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, უფლება აქვთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ.

საქართველოს საპატრიარქომ დაგმო საკანონმდებლო ცვლილების მიღება და განაცხადა, რომ ის "ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს“. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ვერ დაეხმარება ზოგიერთ რელიგიურ უმცირესობას, კერძოდ კი სომხეთის სამოციქულო ეკლესიას, რამდენიმე სადავო ეკლესიაზე საკუთრების უფლება მოითხოვოს. ქართული ეკლესია ითხოვდა, რომ ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა სამართლებრივი სტატუსი სომხეთში საქართველოს მიერ მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილების პარალელურად.

ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ ასევე დაგმო ცვლილების ნაჩქარევად მიღება და ზოგიერთმა მათგანმა 6 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენაც კი მოუწოდა.

რამდენიმე ასეული ადამიანი, მათ შორის მართლმადიდებლური სამღვდელოების წარმომადგენლები გუშინ ქაშუეთის ეკლესიის წინ შეიკრიბნენ, რათა ცვლილების წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.

ცვლილების მიღებამდე, რელიგიური ჯგუფებს, გარდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა, რომლის განსაკუთრებული როლიც აღიარებულია სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული კონკორდატით, კერძო სამართლის არაკომერციულ პირებად შეეძლოთ დარეგისტრირება. 

თუმცა, რეგისტრაციის ამგვარი ფორმა ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის პროტესტს იწვევდა, რომელთა განცხადებითაც, რეგისტრაციის ეს ფორმა მათ ოფიციალურ რელიგიებად აღიარების პრივილეგიას ართმევდა.

რვა წლის წინ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩარევის შედეგად, მათ შორის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვის გზით, საქართველოსა და ვატიკანს შორის შეთანხმების ხელმოწერა ჩაიშალა. ეს შეთანხმება საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესიის სამართლებრივ უფლებებს უზრუნველყოფდა.

2003 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაემორჩილა ქართული ეკლესიის პოზიციას და ბოლო წუთში შეცვალა ვატიკანთან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ხელმოწერის გეგმები. შედეგად, კარდინალ ჟან ლუი პიერ ტორანს, რომელიც იმ დროს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რომელიც თბილისში შეთანხმების ხელმოსაწერად ჩამოვიდა, ცარიელი ხელებით მოუხდა უკან გაბრუნება.

Back to top button