ახალი ამბები

112.7 მლნ ლარი სასამართლო ჯარიმებიდან და საპროცესო შეთანხმებებიდან

იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტმა 2010 წელს 112,795,907 ლარი მიიღო სასამართლოების მიერ დაკისრებული ჯარიმებისა და საპროცესო შეთანხმებების შედეგად.

ეს მაჩვენებლები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის მიერ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ანგარიშშია მოცემული. ანგარიშს ასევე ერთვის  საქართველოს მთავრობის კომენტარები, რომლებიც ანგარიშის საპასუხოდ გაკეთდა.

„სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო მოსმენების გზით სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმების და საპროცესო შეთანხმებების შედეგად გადარიცხულმა თანხებმა 112,795,907.1 ლარი შეადგინა“ – ნათქვამია მთავრობის ერთ–ერთ კომენტარში, რომელიც ანგარიშში განხილული საპროცესო შეთანხმების პრაქტიკასთან დაკავშირებით გაკეთდა.

თუმცა, ეს მაჩვენებელი არ იძლევა დეტალურ სურათს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა თანხა იქნა მიღებული უშუალოდ საპროცესო შეთანხმებების შედეგად. 

ქართული სასამართლოებიდან მიღებული ოფიციალური მაჩვენებლების თანახმად, 2010 წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში 19 956 ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენებიდან 79.5%–ში იქნა მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დანარჩენი 4 089 ადამიანის წინააღმდეგ, ანუ განაჩენების 20.5%, სასამართლო მოსმენის გზით იქნა გამოტანილი.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს მიერ 2010 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოში საპროცესო შეთანხმებებს ეხება, ნათქვამია, რომ ამ სისტემას გამჭირვალობა აკლია, რადგანაც გაურკვეველი რჩება, თუ ზუსტად რამდენი თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებების შედეგად.

„სახელმწიფო ხაზინის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადახდილი ჯარიმებისთვის ცალკე სახაზინო კოდი არ არსებობს, და შესაბამისად, შეუძლებელია ამ თანხების გამოყოფა სხვა ტიპის შემოსულობებისგან“, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ანგარიშში. 

პროკურატურის ინფორმაციით, 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 61.1 მილიონი ლარი იქნა დაკისრებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადასახდელი ჯარიმების სახით, თუმცა პროკურატურას არ გააჩნია ინფორმაცია რეალურად გადახდილი თანხების შესახებ, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს იმავე ანგარიშში. 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში, რომელიც საქართველოს სამართლებრივი სისტემის სხვადასხვა ასპექტებს მიმოიხილავს, ყურადღებას ამახვილებს საპროცესო გარიგების პრაქტიკაზე, რომელიც, ანგარიშის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმეებში ძალზე ფართოდ გამოიყენება საქართველოში“.

ანგარიშის თანახმად, ქართული საპროცესო გარიგების „ერთ–ერთი თავისებურება“ უკავშირდება სისხლის სამართლის კოდექსის 42–ე მუხლს, რომელიც ადგენს, რომ საპროცესო შეთანხმების დროს შესაძლებელია ჯარიმის დაწესება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების დარღვევებისთვისაც კი, რომელთა დარღვევისთვის სასჯელის ეს ზომა არ არის გათვალისწინებული.

„რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენების ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების  განხორციელების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სისტემის მოშლას გამოიწვევს“, – ნათქვამია ჰამერბერგის ანგარიშში, რომელიც სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმ როლთან მიმართებაში, რომელიც პროკურორს აკისრია საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში.

„კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სასჯელი მაინც დაუდგინდებათ, ამდენად ადვოკატები, ნაცვლად იმისა, რომ დაცვის ქვეშ მყოფთა გამამართლებელი განაჩენის მიღწევაზე იზრუნონ, ურჩევენ მათ, სასჯელის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შევიდნენ პროკურორთან საპროცესო გარიგებაში“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც სისტემის დადებით მხარეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს წარმატებული მექანიზმია კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, „მისი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს სისხლის სამართლის საქმეების სწრაფ სამართალწარმოებაში, სასამართლოების, პროკურორების და ადვოკატების გადატვირთული საქმიანობის შემსუბუქებაში“.

ანგარიშის თანახმად, კანონი ასევე ითვალისწინებს სასჯელისგან სრულ გათავისუფლებას განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ეფექტური თანამშრომლობა გამოძიებასთან და შესაძლოა ეს ნორმა ეხმარება სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებას, მაგრამ ასევე „არსებობს ინფორმაცია მისი ბოროტად გამოყენების შესახებ“.

„კომისრის ყურადღება მიიპყრო ოპოზიციის აქტივისტის ლევან  გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ აღძრულმა საეჭვო სისხლის სამართლის საქმემ.  გოგიჩაიშვილი, რომელსაც კომისარი რუსთავის საპყრობილეში შეხვდა, სასჯელს იხდის ფიზიკური ზიანის განზრახ მიყენებისთვის. თავდაპირველად, გოგიჩაიშვილი დააკავეს დაზარალებულის დის ჩვენების საფუძველზე, რომელიც იმ დროისთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული დანაშაულისთვის იყო დაკავებული, თუმცა მას შემდეგ, რაც გოგონამ გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ის გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში თომას ჰამერბერგის მიერ საქართველოში აპრილში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ მომზადდა. მისი მიზანი იმ პრეტენზიების შესწავლა იყო, რომლებსაც იგი სხვადასხვა წყაროებიდან და ინდივიდუალური პირებიდან იღებდა საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე საუბარია პოლიტიკური ნიშნით დევნის საკითხებზე.

„კომისრისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობს საკმარისი რაოდენობით სანდო განცხადებები, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციის აქტივისტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის სამართალდარღვევების გამოძიებისა და სამართალწარმოების პროცესში სერიოზული ხარვეზების არსებობაზე მიუთითებს, რაც ზიანს აყენებს მთელს ამ პროცესს; ამით ეჭვის ქვეშ დგება ბრალდებისა და სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების სამართლიანობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

Back to top button