
საპატრიარქო რელიგიური ჯგუფების სამართლებრივ სტატუსზე კანონს აკრიტიკებს
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობას აძლევს, "ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს“, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში.
„ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა 5 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, მიუხედავად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის და ოპოზიციური პარტიების მოწოდებებისა არ ეჩქარათ და მეტი დრო დაეთმოთ საჯარო განხილვებისთვის. ქართული ეკლესიის კიდევ ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ამგვარი კანონის მიღება უნდა მომხდარიყო მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მინიჭების პარალელურად – ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება სომხეთზე იყო გამახვილებული.
საკანონმდებლო ინიციატივის მეორე და მესამე მოსმენებს შორის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები.
5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მმართველი პარტიის ინიციატივით გაიმართა, რომელმაც კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი წარმოადგინა, „სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი“.
„საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსესუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა“, – ნათქვამია განცხადებაში.
"შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა საპატრიარქომ.