ახალი ამბები

პარლამენტმა რელიგიური გაერთიანებების სტატუსზე ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს შესაძლებლობას აძლევს დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, რაც ამ გაერთიანებების დიდი ხნის სურვილს წარმოადგენდა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის განსაკუთრებული როლიც აღიარებულია სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული კონკორდატით, ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო და მის შეჩერებას მოითხოვდა.

ამ საკითხზე კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორეს საგანგებო განცხადების შემდეგ, ქრისტიან–დემოკრატებმა ასევე მოუწოდეს მმართველ პარტიას არ ეჩქარა კანონპროექტის მიღება, რათა ამ საკითხებზე სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებთან  საჯარო დისკუსიის გზით საზოგადოებრივი აზრი მომზადებულიყო. მმართველი პარტიის მხრიდან უარის შემდეგ, დეპუტატებმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან განაცხადეს, რომ ისინი კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

1 ივლისს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებების ვარიანტში, კონკრეტულად იყო დასახელებული, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება შეეძლოთ სომხურ სამოციქულო ეკლესიას, რომის კათოლიკურ ეკლესიას, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას, მუსლიმანთა თემს და იუდეველთა თემს, როგორც საქართველოსთან „მჭიდრო ისტორიული კავშირის“ მქონე რელიგიურ გაერთიანებებს.   

თუმცა კანონპროექტის შეცვლილ ვარიანტში, რომელიც მეორე და მესამე მოსმენით იქნა მიღებული, აღარ არის დაკონკრეტებული რელიგიური ჯგუფები და ნათქვამია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღება შეეძლებათ „საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე“ რელიგიურ გაერთიანებებს ან იმ რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც ასეთი სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებზე, ცვლილებების თანახმად, არ გავრცელდება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონი“, ხოლო მათი რეგისტრაცია მოხდება არასამეწარმეო პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით.

კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის კიდევ ერთ ნოვაციას წარმოადგენს ის დებულება, რომ რელიგიურ გაერთიანებებს ექნებათ არჩევანი დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ან კვლავაც დარჩნენ არაკომერციულ იურიდიული პირების სტატუსით და ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც არარეგისტრირებული კავშირი.

მესამე მოსმენით კენჭისყრის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციების შედეგად ვერ შედგა შეთანხმება კანონპროექტში მესამე მოსმენის წინ ჩამატებულ ორ მუხლზე და შესაბამისად ცვლილებები მათ გარეშე იქნა დამტკიცებული.

მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან გაიმართა კონსულტაციები, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მას საპატრიარქოში ჰქონდა შეხვედრა. 

ამდენად, მიღებული ცვლილებები აღარ მოიცავს ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას ეწარმოებინა მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვის, მოვლა–პატრონობის, საკუთრებისა  და სტატუსის თაობაზე.  ასევე დამტკიცებულ ვარიანტში აღარ არის ის ფორმულირება, რომელიც ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების დაცვის დამატებით ღონისძიებებს. 

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის ეპისკოპოსმა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბარში რელიგიური ჯგუფებზე საკანონმდებლო ინიციატივის მიღება პირდაპირ დაუკავშირა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სურვილს და ივნისის ბოლოს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის მოლაპარაკებებს საქართველოს ხელისუფლებასთან, რასაც წინ უძღოდა სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტი.

მეუფე ზენონის განცხადებით, სომხეთის კათოლიკოსმა ვიზიტისას საქართველოს საპატრიარქოსთან ვერ მიაღწია შეთანხმებას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამართლებრივ სტატუსსა და საქართველოში მდებარე რამდენიმე ეკლესიის საკუთრებაზე არსებული დავის ირგვლივ, თუმცა სომხურმა მხარემ შედეგს საქართველოს ხელისუფლებასთან მიაღწია.

“ამ გადაწყვეტილებით მოიგო გარეგინმა“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

Back to top button