
ქართულ–ამერიკული ერთობლივი წვრთნები თბილისში
20–24 ივნისს თბილისი ქართულ–ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს, რომლის მიზანიც არის ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში ეფექტური რეაგირების და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფა, იტყობინება აშშ–ის საელჩო საქართველოში.
“ამგვარი მზადყოფნის მნიშვნელობაზე მეტყველებს ბოლო დროინდელი სტიქიური მოვლენა საქართველოში,“– ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
სწავლება სახელწოდებით "შეარდ ჰორაიზონ 2011“ საქართველოს ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრში იმართება და მასში მონაწილეობას იღებს "აშშ-ის ჯორჯიის ეროვნული გვარდიის 20 ჯარისკაცი და დიდი რაოდენობით პირადი შემადგენლობა საქართველოს მხრიდან“.
აშშ–ის საელჩოს ცნობით, სწავლებას წარუძღვებიან შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, ხოლო ამერიკული მხრიდან პროცესს დააკვირდება აშშ-ს სახმელეთო ძალების სარდლობის წარმომადგენელი ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი.
ჰერტლინგი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, აშშ-ს სახმელეთო ძალების ჯარისკაცებისთვის საგანგებო ვითარებაში სრული სპექტრის ოპერაციების უზრუნველყოფისთვის სწავლების ჩატარებასა და ევროპის რეგიონში 51 ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)